„მოსწავლის სტატუსის შეჩერებამდე უნდა ვეცადოთ, აღმოვფხვრათ პრობლემა“ - ლამზირა ჩხაიძე, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
07-05-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორის - ლამზირა ჩხაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სოციალური მუშაკების ინტეგრირება ძალზედ მნიშვნელოვანია სკოლაში, რადგანაც მათ გააჩნიათ თავიანთი მიდგომები, რომლებით ეხმარება მოსწავლესთან კომუნიკაციაში, სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში, თანაც გარკვეულ სიტუაციებში სოც. მუშაკებს უფრო მეტი შესაძლებლობა და უფლება აქვთ ვიდრე სკოლას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- ჩვენს სკოლას გააჩნია სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია გარკვეული სახის საშუალებებით, თუმცა არ გვყავს ექიმი, რაც სასურველია რომ გვყავდეს. მართალი სპორტის პედაგოგს შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს თავისი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ექიმი აუცილებელია, რადგან მიხვდეს დაზიანების სიმძიმეს და დაუნიშნოს შემდგომი მკურნალობა მოსწავლეს. გაგვაჩნია ყველანაირი პირობა ფუნქციონირებისათვის. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- მართალია, ეს ცვლილება იმ მოსწავლისათვის, რომელიც აცდენს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ აუცილებელია გაირკვეს მიზეზი მისი სკოლაში გამოუცხადებლობის ან დისტანციურ სწავლებაში არ ჩართვის. ჩემი აზრით, ამ მიზეზით სტატუსის შეჩერება ყველაზე ბოლოს უნდა მოხდეს და მანამდე ვეცადოთ, აღმოვფხვრათ პრობლემა. სასკოლო ცხოვრებაში შეიძლება ამან ცოტა უარყოფითი შედეგები მოგვიტანოს, რადგან ჩვენს სკოლაში პრობლემა იყო დისტანციურ სწავლებაში ჩართვაზე, რადგან ინტერნეტკავშირგაბმულობა არ აქვს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. ამის გამო კი სტატუსის შეჩერება უარყოფითად აისახება სკოლაზეც და მოსწავლეზე ხომ უფრო, რადგან ვეღარ გააგრძლებს იგი სასკოლო ცხოვრებას.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ძალიან კარგი რჩევაა, რომ აუცილებლად უყურონ ტელესკოლას, ჩვენ ყველა ვურჩევდით მოსწავლეს, რომ  თუ ვერ დაესწრებოდა სწავლებას, ასე ჩაენაცვლებინა გაკვეთილი. ჩემი რჩევა იქნება, რომ  შემოდგომის სემესტრიდან პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალ მასალასთან ერთად გადაამეორებინოს განვლილი მასალა.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- ჩემი აზრით, რაც გაწერილია ეროვნული სასწავლო გეგმით, სრულად შეესაბამება სკოლის რეგულაციებს, მოსწავლის განვითარების საფეხურებს და იგი ხელს უწყობს ცოდნის მიღებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203