13 მაისს, სკოლები გაიხსნება და როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, მოსწვალეებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ; მაგრამ იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სპეციალისტები კი მესამე ტალღის პიკს, უკვე მაისის შუა რიცხვებისთვის ელიან, საკითხავია, ღირს თუ არა დასწრებითი სწავლების განახლება.
ისე, პედაგოგების ნაწილი მომხრეა, სწავლა ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდეს და ეს ცოტა გასაკვირია, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, სწორედ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ონლაინ-რეჟიმში მუშაობა კატასტროფის ტოლფასი გახლდათ და სკოლებში დაბრუნების იდეას ემხრობოდნენ.
დღეს რეალობა შეცვლილია და თავად პედაგოგებს სურთ სასწავლო წელი ონლაინ გაგრძელდეს, თუმცა განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ 13 მაისს დასწრებითი სწავლება განახლდება, მასწავლებლებს კი, ისევე, როგორც მოსწავლეებს, კვლავ ექნებათ არჩევანი საშუალება დისტანციურსა და საკლასო ოთახებში სწავლებას შორის. ჯერ კიდევ საყოველთაო არდადეგებამდე, 100-მდე პედაგოგი, რისკჯგუფიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმზე გახლდათ, ხოლო რამდენად გაიზრდება ეს რიცხვი, ამას ოთხშაბათს შევიტყობთ, როდესაც დისტანციურ ფორმატს აირჩევენ. ასე, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებზეა დამოკიდებული, ვინ დაბრუნდება საკლასო ოთახებში და ვინ ვირტუალური კლასიდან გააგრძელებს სწავლას.