„სოციალური მუშაკები მოსწავლეებს დაეხმარებიან სხვადასხვა სოციალური ბარიერის გადალახვაში“ - აიდა აზატიანი, შაუმიანის N3 სკოლის დირექტორი
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, ასევე ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, აიდა აზატიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?- ჩემი აზრით, სოციალური მუშაკები მოსწავლეებს დაეხმარებიან სხვადასხვა სოციალური ბარიერის გადალახვაში და უზრუნველყოფენ სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. სოციალური მუშახები ხელს შეუწყობენ მშობლების ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?- ეს კარგი პირობაა სკოლაში უსაფრთხო გარემოსთვის, ძალიან მინდა ჩემს სკოლას მსგავსი სამედიცინო მომსახურების სივრცე ჰქონდეს. სამწუხაროდ, საამისო ფინანსური შესაძლებლობები არ გაგვაჩნია.
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?
- მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სკოლამ უნდა შეისწავლოს პროფილაქტიკური ზომები, გაარკვიოს, თუ რატომ აცდენს მოსწავლე გაკვეთილებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, რათა ერთად აღმოვფხვრათ ჩამორჩენა.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?
- დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობით.
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?
- მასწავლებელთა რეგულირების წესი ყოველთვის მუშავდება. ვფიქრობ,ახალი სქემა ნაკლები აქტივობების საფუძველზე მისცემთ წინსვლის საშუალებას.