„აბიტურიენტებს ვურჩევ, სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება“ - დოდო ჭყონია, საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი
13-05-2021
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორის, დოდო ჭყონიას მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დადებითად ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ამით ამაღლდება სკოლის ავტორიტეტი, უფრო მეტად დაფასდება მასწავლებელი და მის მიერ გაწეული შრომა. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, მნიშვნელოვანია ადამიანისა და პროფესიის თავისებურებების თანხვედრა. არჩეული პროფესია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის პიროვნულ თვისებებს და ხასიათს. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არჩეული პროფესია უნდა იყოს მათთვის საინტერესო, გაითვალისწინონ შრომის ბაზრის მოთხოვნები, მაგრამ ამავდროულად, სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. გამოცდებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში აუგილებლად უნდა მონაწილეობდნენ გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ სკოლასთან და ჩართული არიან სასწავლო პროცესში.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- მისაღებია ელექტრონული ჟურნალების  წარმოება, მასწავლებლებიც მარტივად ახერხებენ მასში მუშაობას, მაგრამ კარგი იქნება თუ ნიშნების შეტანის და კორექტირების დროის ხანგრძლივობა გაიზარდოს, რადგან ხშირად არის ინტერნეტის პრობლემა. განსაკუთრებით რეგიონებში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- კოლეგა დირექტორებს ვუსურვებ გამძლეობას, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და მითითებებს ამ გამოწვევასაც დავძლევთ და წარმატებებსაც მივაღწევთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203