პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განათლების კოდექსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განათლების კოდექსში ერთად იქნება ზოგადი და უმაღლესი პროფესიული განათლების შესახებ კანონები. კოდექსი გააერთიანებს განათლების შესახებ აქამდე არსებულ კანონებს.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიკვლიოთ, არის განათლების კოდექსის საჭიროება. იცით, რომ დღეს არსებობს სხვადასხვა კანონი, რომელიც არეგულირებს ზოგად განათლებას, უმაღლეს და ა.შ. ამ კანონებს შორის არის ხოლმე სისტემური აცდენა. როგორც იცით, არსებობს იდეა, რომელიც ახალი არ არის: ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ყველაფერი იყოს ერთიანი კანონი, რომელიც მთლიანად შეეხება განათლების საკითხებს. ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩავდეთ სამოქმედო გეგმაში, რომ მოვიკვლიოთ საჭიროება, რამდენად გამართლებული იქნებოდა ასეთი ერთიანი კანონის თუ კოდექსის არსებობა“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.