„მასწავლებლებისთვის წინსვლა მარტივი არ იქნება და შესაძლოა, უფრო რთულიც იყოს, ვიდრე წინა სქემით“ - მანანა რატიანი
14-05-2021

აუდიტის დასკვნა, რომელიც მასწავლებლების კომპეტენციას და გამოცდების დაბალ შედეგს შეეხება, დღემდე განხილვის საგანია; რატომ გაუარესდა პედაგოგთა საგამოცდო მაჩვენებლები? - ამ საკითხზე მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა ისაუბრა:

„რატომ გაუარესდა შედეგები? - ამ კითხვაზე პასუხისთვის, უნდა მოვყვეთ, 2010 წლიდან დღემდე რა მდგომარეობაა. 2010 წლიდან, როდესაც პირველი სასერტიფიკატო გამოცდები დაიწყო მასწავლებლებისთვის საგანსა და პროფესიულ უნარებში, შედეგი უფრო მაღალი იყო და ბარიერიც - 60 პროცენტი გახლდათ. შემდეგ ნელ-ნელა იკლო მასწავლებელთა მაჩვენებელმა, რადგან ვინც კომპეტენტურად გრძნობდა თავს, პირველივე წლებში არ შეუშინდა და გავიდა გამოცდაზე. მომდევნო წლებში კი უკვე ვხედავთ კლებას, რაც ბუნებრივი იყო და მოსალოდნელიც.

ჩვენმა ცენტრმა უნდა იზრუნოს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, მაგრამ საუნივერსიტეტო განათლების ტრენინგით ჩანაცვლება წარმოუდგენელია; იმავდროულად ვაკვირდებით, ვინ შეიძლება შევიდეს სკოლაში იმ მასწავლებლების ნაცვლად, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს და შევძლებთ თუ არა მათ ჩანაცვლებას უკეთესი კადრებით.

ვინ შემოდის სისტემაში და საიდან შემოდის? - ღია კარის პოლიტიკა რომ გვქონდა, ვინც კი უმუშევარი იყო და ვისაც არ დაეზარა, მასწავლებლად აღმოჩნდა, ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან შესაბამისი განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ ვინ შემოვა მასწავლებლად და როგორი იქნება მათი თუნდაც, სკოლის დონეზე ან აკადემიური მხარდაჭერა, ესაა მნიშვნელოვანი.

მაძიებლობის პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ 8 600 მასწავლებლიდან, ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდას, მათ ადგილას ცხადდება ვაკანსია და ასევე მნიშვნელოვანია, ვინ ჩაანაცვლებს მათ - პირველ რიგში, ესაა საუნივერსიტეტო კადრები; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გარდა, არსებობს 60-კრედიტიანი პროგრამა. ახალგაზრდებს უნდა გაეხსნას გზა და შევიდნენ სკოლაში, რადგან 60 კრედიტზე აქვთ გამოცდა ჩაბარებული, მეთოდოლოგიაც ნასწავლი აქვთ და შესაბამისად, იქნებიან ღირსეული კადრები.

მასწავლებლისთვის გამოცდებზე გასვლა კი მიმდინარე წლიდან სავალდებულო ხდება, ეს სკოლაში არსებულ მოცემულობას შეცვლის იმ მიმართულებით, რომ მათ ადგილას, ვინც 2010 წლიდან მოყოლებული საკუთარი კომპეტენციები არ დაადასტურა, ცხადდება ვაკანსია და შესაბამისად, ახალბედა მასწავლებლებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, რომ სკოლაში დასაქმდნენ. თუმცა, ბუნებრივია, მხარდაჭერა მათაც სჭირდებათ, რადგან არ შეიძლება, ადამიანი კლასის წინაშე დადგეს და ის ამ პროცესში მარტო მივატოვოთ. მეორე არის ის, რომ ვინც სკოლაში იქნება, ავად თუ კარგად, კომპეტენციის მინიმალური თუ მაქსიმალური დადასტურებით, ყველას რაღაც ფორმით დადასტურებული კომპეტენცია ექნება და ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ მასწავლებლების საჭიროებები, გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები და შევიმუშავეთ ახალი ტრენინგმოდულები და როდესაც ტრენინგომდული პასუხობს იმ საჭიროებას, რაც მასწავლებელს გააჩნია, ეს ეფექტურია; თორემ არ შეიძლება, მასწავლებელმა ტრენინგით მიიღოს ის კვალიფიკაცია, რასაც აძლევს რამდენიმეწლიანი, აკადემიური განათლება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, მასწავლებლების 75 პროცენტი იყო პრაქტიკოსის დონეზე, წელს ეს მაჩვენებელი 14 პროცენტია და მათი ნაწილი დაადასტურებს კომპეტენციას ,ნაწილი კი დატოვებს სკოლას.

შეფასების პროცესი გამოვიდა გარეთ; რას აკეთებენ მასწავლებლები სკოლაში - შეფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით. მიუხედავად დაბალი ბარიერისა, მასწავლებლის წინსვლა მარტივი არ იქნება და შესაძლოა უფრო რთულიც იყოს, ვიდრე წინა სქემით;

როდესაც ვიტყვით, რომ ეს მასწავლებელი არის მენტორი ან წამყვანი, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, როგორ სწავლობენ მისი მოსწავლეები სკოლაში.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კათედრები ფორმალური არ უნდა იყოს. თუ სკოლაში პროფესიული დიალოგი არ შედგა, ვაღიაროთ, 6-საათიანი ტრენინგმოდული ამას ნამდვილად ვერ უშველის. სკოლა უნდა იყოს ინსტიტუცია, უფრო მეტად დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული, პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი, სადაც მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203