„პირველ რიგში, სკოლამ უნდა აღზარდოს შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, ტოლერანტი პიროვნება“- ცისანა ობოლაძე, ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი
17-05-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ცისანა ობოლაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- მოგეხსენებათ, პირველ რიგში, სკოლამ უნდა აღზარდოს შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, ტოლერანტი პიროვნება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ცოდნის შესაბამისად  გამოყენება უნდა შეეძლოს, რაც მხოლოდ ფორმალური განათლებით (გაკვეთილზე) ვერ მიიღწევა, ხოლო არაფორმალური განათლებისთვის სოციალური მუშაკები უალტერნატივო კადრია.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- აუცილებელია, თუმცა, ფინანსური მომჭირნეობის და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია მეზობელ ორ-სამ სოფლის სკოლაში იყოს ერთი კადრი მაინც.

 - რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- მიზანშეწონილია, რადგან მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს სკოლიდან და თუ მასწავლებელს აქვს პასუხისმგებლობა მოსწავლის აკადემიურ შედეგზე. 

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- მიმაჩნია, რომ იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი ძლიერი რგოლია, პრობლემაც არ იქნებოდა, მითუმეტეს სოფლად. გარდა ამისა, ჩემი სკოლის გაკვეთილებიც არსებობდა.  მოკლედ, ყველა შესაძლებელი გაკეთდა სამინისტროს მხრიდან და არასწორი იქნება, ადგილობრივი უპასუხისმგებლობების გამო მიღებული ჩამორჩენები ზემდგომს დავაბრალოთ. ჩვენც ხომ უნდა გავანძრიოთ ხელი.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- აქაც ასე ვიტყოდი: ორივე სქემა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და განათლების სისტემის ხარისხის გაზრდაზე არის ორიენტირებული, მხოლოდ ჩვენ, მასწავლებლებმა მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ და ნაკლებად ვაკრიტიკოთ სხვები, დრო უნდა გავზარდოთ პროფესიული ლიტერატურის გაცნობისა და პრაქტიკულად გააზრებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203