„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელი და არსებითია“ - ლია შენგელიძე, ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
რას ფიქრობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორის, ლია შენგელიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:
- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- ჩემი აზრით, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის საშუალი ნიშანი და რეკომენდაციები მასწავლებლებისგან.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად? - აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ მომავალი პროფესიის არჩევისას კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ თავიანთი უნარ-შესაძლებლობები, ყოველივე ამის გათვალისწინებითა და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მიიღონ გადაწყვეტილება.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- ნებისმიერ ეპოქასა და ქვეყანაში საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არ შეიძლება საზოგადოებრივი აზრის იგნორირება და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საექსპერტო კომისიებმა ის უნდა გაითვალისწინონ, მე ვთვლი, რომ ამ პროცესში საზოგადოების აქტიურობა, ჩართულობა აუცილებელი და არსებითია.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ჩვენს სკოლაში საპილოტე რეჟიმში მიდინარეობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვა, რა თქმა უნდა, არის სიახლესთან დაკავშირებული სირთულეები; კონკრეტულად, სისტემის გაუმართავ-დაუხვეწელობა თუ შეფერხება ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით, ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს პედაგოგებში.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- კოლეგა დირექტორებს ვუსურვებ გამძლეობას, მოთმინებასა და უფლის მფარველობას! მინდა გჯეროდეთ, ძვირფასებო, რომ თქვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს და თქვენი აღზრდილი თაობებით იამაყებთ! პროფესიულ წარმატებებს გისურვებთ!