„ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის ნიშანი“-ლიანა ერგემლიძე, კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობას, რას ეტყოდა კოლეგა დირექტორებს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა ერგემლიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საჯარო სკოლის ნიშანი.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევისას გაითვალისწინოს თავიანთი შესაძლებლობები და არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ. მათ ვურჩევ, დაფიქრდნენ სამომავლოდ რამდენად ეყვარებათ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან არჩეულ პროფესიას. აბიტურიენტები მხოლოდ ძალიან დიდი შრომის შედეგად მიაღწევენ დასახულ მიზანს.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მხოლოდ ამა თუ იმ საგნის პროფესიონალები და საგნის პედაგოგები უნდა ჩაერთონ.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- ჩემი აზრით, ელექტრონული ჟურნალების წარმოება უნდა გახდეს სავალდებულო. პედაგოგებმა ადვილად გაართეს თავი ამ გამოწვევას. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ ელექტრონულ ჟურნალებში. რაიმე სირთულის დროს კოლეგები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად? - ჩემს კოლეგა დირექტორებს ვეტყოდი, რომ იყვნენ ჯანმრთელები. ღმერთმა მისცეს მათ გამძლეობა და ენერგია, რომ ეპიდპირობებში სკოლის მართვას გაუძღვნენ. კოლეგებს ვურჩევ, ყველაფერს შეხვდნენ მშვიდად და გაწონასწორებულად.