სასწავლო გეგმაში ახალი სახელმძღვანელო შევა - მასწავლებლებმა ტრენინგი უკვე გაიარეს
24-05-2021

V-VI და VII კლასების სასწავლო გეგმაში, ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვა იწყება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველოს 50 სკოლაში პარლამენტარიზმის შესახებ პროექტის პილოტირებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაიწყო. პედაგოგებმა კი ტრენინგი უკვე გაიარეს. 
 
„2021 საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო წელია და ძალიან სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტი სწორედ წელს იწყებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის სკოლებში დანერგვას, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს პარლამენტის, მისი როლისა და ფუნქციის, პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ. ვფიქრობ ეს პროექტი, რომელიც V-VI და VII კლასების სასწავლო გეგმაში, ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონების აღსრულებაზე, დემოკრატიის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი ძალიან პოპულარული იქნება ჩვენს სკოლებში და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

22-23 მაისს, 50 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი, რომელიც ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“?, დამხმარე მასალისა და მათი სწავლების მეთოდებს ეხებოდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203