„სასკოლო სივრცეში სოციალურ მუშაკთა შესვლა გააჯანსაღებს მოსწავლეთა სოციალურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობას“-ვიქტორ მურადიანი, ნაოხრების სკოლის დირექტორი
24-05-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება,  როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორის - ვიქტორ მურადიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- ვფიქრობ, სასკოლო სივრცეში სოციალურ მუშაკთა შემოსვლა ძალიან გააჯანსაღებს სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა სოციალურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- ჩემს სკოლაში საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, ამასთან მცირეკონტიგენტიანიცაა. ვფიქრობ, გვაქვს მზაობა ამ საჭირო მექანიზმის ჯეროვნად  ასამუშავებლად.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- მიმაჩნია, რომ სასწავლო პროცესზე დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნა-უნარების შესაძენად, ამიტომ დასწრების მექანიზმისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში  სასწავლო პროცესზე,  მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს. 

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ნახსენებ სიტუაციაში აუცილებელია პედაგოგთა მხრიდან  დამატებითი ძალისხმევის გაწევა, რათა მოსწავემ შეძლოს ესგ გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა. 

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- ვფიქრობ, წინა სქემა მეტ-ნაკლებად პასუხობდა სასწავლო მიზნებზე გასასვლელად საჭირო მოთხოვნებს. აუცილებელია, რომ სქემამ  მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პედაგოგს იზრუნოს და იმუშაოს მოსწავლეთა საჭიროებების  დასაკმაყოფილებლად და არა საკუთარი კარიერული წინსვლისა თუ პირადი ინტერესებისათვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203