„აბიტურიენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო“ - მანანა მათეშვილი, ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა მათეშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა? - ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიმაჩნია სკოლის საშუალო ქულის გათვალისწინება ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად. ეს გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას სკოლებში.
- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ? - აბიტურიენტებს ვურჩევდი მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილიც, მობილიზება გაუკეთონ მიღებულ ცოდნას, შეაჯამონ ნასწავლი მასალა და მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო.
- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- გრიფირების პროცესში მნიშვნელოვნად მიმაჩნია სპეციალისტების და ექსპერტების აზრი.
- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?
- საჭიროა და დროულია ელექტრონული ჭურნალების წარმოება, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობელი ვერ ახერხებს სკოლაში მისვლას და ელექტრონული ჟურნალი საშუალებას აძლევს ჩართული იყოს მისი შვილის სასწავლო პროცესში.
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- კოლეგა სკოლის დირექტორებს გავამხნევებდი: არ შევუშინდეთ პრობლემებს, რადგან ყველა პრობლემა მოგვარებადია. პანდემია გაივლის, დავუბრუნდებით სწავლების ჩვეულ რიტმს და ყველაფერი კარგად იქნება.