„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ჩართვა მუშაობას გაუადვილებს როგორც სკოლას, ასევე მშობელს“-ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი
24-05-2021

რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება,  როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის ნელი სულხანიშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკის ჩართვა კარგი იქნება, გაუადვილებს მუშაობას როგორც სკოლას, ასევე მშობელსაც. 

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა აუცილებელია დროული დახმარებისათვის. ჩვენი სკოლის შენობა არატიპურია, არაა საკმარისი ოთახები და ამ ეტაპზე მზად არაა. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება დროული ჩარევა, ანუ 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადება, ვიდრე 90 დღე. დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ამ ვადის შემცირებას.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- საჭიროებისამებრ უფასო ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემა  მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება თანაბარი ჩართულობისათვის.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- მეტი გამჭვირვალობა, ობიექტურობაა საჭირო, ასევე მეტი მონიტორინგიც. ექსპერტების აზრი რეალურ საქმიანობასთან დაახლოებული უნდა იყოს. დირექტორების დატვირთვაც გაიზრდება, განსაკუთრებით დიდ სკოლებში. 

მიმაჩნია, რომ უფრო ეფექტური მექანიზმი უნდა იქნეს შემუშავებული თითოეული მშობლის ჩართულობისათვის სასკოლო ცხოვრებაში ( საინფორმაციო შეხვედრები, მშობელთა ტრენინგები და სხვა). 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203