ახალციხის N5 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მაია თათეშვილმა პოსტერების სესიაში გაიმარჯვა
20-12-2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა საგანამანათლებლო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.

აღნიშნულ კონფერენციაზე ყოველწლიურად იმართება პოსტერების გამოფენა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენასა და გაზიარებას ითვალისწინებს.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მაია თათეშვილი პოსტერების სესიაში თავის მოსწავლესთან, თამარ ბერიძესთან ერთად მონაწილეობდა. მაია მასწავლებლის პოსტერმა, რომლის თემაც იყო -  „სოციალური პროექტის - „ნუ იქნები ბულერი“ განხორციელების მეთოდები,“ გამარჯვება მოიპოვა. 

ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი სხვა გამარჯვებული პოსტერების ავტორებთან ერთად, ლიბერთი ბანკისგან 200 ლარით დასაჩუქრდა.

ქალბატონი მაია კონფერენციის ორგანიზატორებსა და სპონსორებს მადლობას უხდის:

„უკვე მეოთხე წელია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იმართება, აქედან სამ კონფერენციაში ვმონაწილეობდი პოსტერების სესიაში. წელს ჩემი პოსტერით კოლეგებს  საკუთარი გამოცდილება გავუზიარე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით პროექტების განხორციელება (ამ შემთხვევაში პროექტი განვახორციელე როგორც კლასის ხელმძღვანელმა). სესიის დამხმარე მოსწავლემ ძალიან კარგად გაართვა თავი მსმენელების მხრიდან დასმულ შეკითხვებს და ამომწურავი პასუხები გასცა. კონფერენციაზე ორი დღის განმავლობაში ვესწრებოდი სხვადასხვა პარალელურ სესიას და ძალიან ბევრ ტექნოლოგიურ სიახლეს გავეცანი. ვფიქრობ, ამ სიახლეებს აქტიურად დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში,“ - აღნიშნა ქალბატონმა მაია თათეშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203