2021 წლის აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში აღარ შეუძლიათ ისეთი ცვლილებების შეტანა, როგორიც არის საგამოცდო ენა, ჩასაბარებელი საგანი ან ქალაქი, თუმცა აპლიკანტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო პასუხების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეუძლიათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები.
აბიტურიენტების ნაწილს საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მეტად განვმარტოთ, რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილების უფლება.
„სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამის მითითების და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარშია მითითებული.
საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება ნიშნავს, იმას რომ აბიტურიენტებს, მოცემული დროის გასვლამდე შეუძლიათ წაშალონ ან დაამატონ სასურველი პროგრამა. შეცვალონ ე.წ. პრიორიტეტული სია და თავიდან დაალაგონ მათი ინტერესის მიხედვით.
საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისას აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რომელი სავალდებულო საგანია მითითებული პროგრამაზე - ისტორია თუ მათემატიკა და რომელს აბარებენ თავად.
არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ყოველი ცვლილების შემედგომ დააჭიროთ ღილაკს „შენახვა“.