„ეტალონის“ უკვე ტრადიციადქცეული, უპრეცედენტო ONLINE-პროექტები გრძელდება და თანამოაზრეებთან, ერთგულ ეტალონელებთან ერთად განვითარების უმაღლეს მწვერვალებს იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონი დირექტორები“ ახლა იღებს სტარტს და ჯერ მხოლოდ მეორედ ჩატარდა, პროექტმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია და რაც მთავრია, სკოლების ხელმძღვანელებს ერთად ყოფნისა და ერთმანეთის წარმატებით გახარების საშუალება მისცა. გადაცემა კი „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა.
„ხვალინდელი დღე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეფექტური განათლების გარეშე შეუძლებელია, გვინდა ისეთი სტრატეგიული პროექტი შევქმნათ, სადაც, გარდა იმისა, რომ თითოეულ ოჯახში შევალთ, ჩვენ ავაშენებთ კიდეც“, - ამ პათოსით დაიწყო გადაცემა უცვლელმა წამყვანმა და პროექტის სულისჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა, თანამოაზრე დირექტორებს დიდი სიყვარულით მიესალმა და სტუდიაში თანაწამყვანად მოიწვია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი. გადაცემას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ჭიპაშვილი დაესწრო ონლაინ-ჩართვით. ყვარლის მერმა კი აღნიშნა, რომ გამორჩეულად გულშემატკივრობს გავაზის სკოლის დირექტორს ლია კაპანაძეს, რომელიც მისი მასწავლებელი გახლდათ.
ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა წარმატებები უსურვა თითოეულ მონაწილეს.
გოჩა ტყეშელაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა მისივე ავტორობით შექმნილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპს მომზადებულები შეხვდნენ და განმარტა, რომ ეს სახელმძღვანელო დამხმარე საშუალება იქნება ეფექტური განათლების ხელშეწყობისთვის.
როსტომ სესიაშვილმა კი დასძინა, რომ გადაწყვიტა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა მომავალი პირველკლასელისთვის შეიძინონ წიგნი-რვეული და უსასყიდლოდ გადასცენ ბავშვებს: „ოჯახისა და მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტურია მოზარდის განვითარებისთვის; სწორედ განათლებაზე უნდა გაიაროს ხვალინდელი დღის წარმატებამ და ვფიქრობ, ეს სახელმძღვანელო ბაღიდან სკოლაში გადასვლის მყიფე პერიოდს საგრძნობლად გაუმარტივებს ოჯახებს“.
სანამ გოჩა ტყეშელაშვილი დირექტორებისთვის განკუთვნილი ტესტიდან რამდენიმე კითხვას გააჟღერებდა, ასპარეზი სკოლის ხელმძღვანელებს დაუთმო, რომლებმაც სიხარულით გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება „ეტალონისა“ და ONLINE-გადაცემის მიმართ.
ლია კაპანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოგესალმებით გავაზის საჯარო სკოლიდან, მივესალმები „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, ბატონ როსტომს და კოლეგა დირექტორებს; მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა, „ეტალონის“ პროექტის მონაწილე ვყოფილიყავი“.
ნატალია კეჭეხმაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს რესურსცენტრისგანაც და მომავალ სასწავლო წელს აქტიურად შევხვდებით. მოგვწონს „ეტალონი“, izrune.ge. ვმეგობრობთ და გვახარებს თქვენთან ერთად მიღწეული წარმატებები“.
მარინე ტაბატაძე, გორის მუნიციპალიტეტის, ოთარ ჩხეიძის სახელობის, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩემთვის პატივია ამ გადაცემაში მონაწილეობა და მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემს კოლეგებს, ასევე მოსწავლეებსა და მშობლებს. „ეტალონი“ ჩვენთვის ბევრისმომცემია და ინტელექტუალური საზოგადოების გამრავლების საშუალება. ყოველწლიურად მონაწილეობენ ჩვენი ბავშვები „ეტალონის“ პროექტებში, აქტიურობენ... განათლებული მოსწავლეები გვყავს და ამაში ლომის წილი „ეტალონს“ მიუძღვის“.
მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოხარული ვარ, პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა და სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლაში ვქმნით საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეს, სადაც გაიმართება სპექტაკლები, ვუჩვენებთ ფილმებს“.
მაია ხუნაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მადლობა ყველას, დღევანდელი დღისთვის; უდავოდ საინტერესო პროექტი შემოგვთავაზეთ, ინოვაციური და ვფიქრობ, ამ პროექტმა ბავშვობის ასაკში დაგვაბრუნა - გაგვახსენა გამოცდისწინა ღელვები; ესაა დიდი სტიმული ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის“.
შახალ ისმაილოვი, კასპის მუნიციპალიტეტის ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოხარული ვარ, „ეტალონის“ პროექტში რომ ვმონაწილეობ და განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო - ქართულენოვან სკოლაში, აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ და დიდი მოდომებით ითვისებენ სახელმწიფო ენას“.
ვენერა ოდილავაძე, სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
„დიდი მადლობა იმ პროექტებისთვის, რომლებსაც ხელმძღვანელობთ; ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ეტალონში“, izrune.ge-ში და მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“.
მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ „ეტალონის“ პროექტებისთვის და გავიხსენო ბატონი გოჩას სიტყვები - ერთხელ გამარჯვება ყველას შეუძლია, ხოლო გამარჯვებისკენ მუდმივი სწრაფვა - მხოლოდ რჩეულებს. თქვენ განავითარეთ ეს პროექტი, სხვა ელფერი, შესაძლებლობები შესძინეთ, რამაც არაერთი გამარჯვება მოუტანა ჩვენს განათლების სისტემას. წინა პლანზე წამოწიეთ მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი“.
ილარიონ ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი:
„შესანიშნავ საქმეს აკეთებთ, წარმატებები „ეტალონს“, შემოქმედებით ჯგუფს და მინდა, იცოდეთ - თქვენი მხარდამჭერი ვიქნები ყოველთვის“.
ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ მოხარული ვარ, რომ „ეტალონი“ ყოველთვის ჩვენი წარმატებების თანამონაწილეა“.
ვაჟა ბუიღლიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი:
„გვიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ; „ეტალონთან“ ყოველთვის ვთანამშრომლობთ. მართალია, ბოლო დროს პანდემიამ ცოტა შეგვიშალა ხელი, დარწმუნებული ვარ, მალე უფრო გავაქტიურდებით“.
ეთერი პაპავა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მადლობლი ვარ ნდობისთვის, რომ მომეცა პროექტში მონაწილეობის საშუალება; დიდი ხანია ვმეგობრობთ „ეტალონთან“, გვყავს „ეტალონი მოსწავლე“ და izrune.ge-შიც აქტიურად ვართ ჩართულები; გვიგულეთ თქვენ გვერდით და იმედია, ჩვენი მოსწავლეები იქნებიან მომავალი საქართველოს აქტიური ამშენებლები“.
ნინო მოდებაძე, ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ ჩვენი სკოლა ირაკლი ბაზაძის სახელობისაა, რომელიც გმირულად დაიღუპა აგვისტოს ომში; სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ირაკლი ბაზაძის სახელობის სკვერი, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები უვლიან; გვინდა, მოგიწვიოთ და გაჩვენოთ, როგორ ვუვლით სკვერს და ასევე ისიც, თუ როგორ არიან ჩართულები ჩვენი მოსწავლეები „ეტალონის“ პროექტებში“.
მაკა ჯინჭარაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
„უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის; ჩვენი სკოლა რეგიონში ახალაშენებულია და მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა „ეტალონს“ - პროპაგანდას გვიწევთ სკოლებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევთ“.
ფატიმა ჩარკვიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, პატარა ირაგის საჯარო სკოლა:
„მადლობა დღევანდელი დღისთვის, საინტერესო პროექტებისთვის... გვიყვარხართ ყველას - დირექტორებს, პედაგოგებს, მოსწავლეებს“.
შორენა კაკაბაძე, მოსე ხონელის სახელობის, ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას იმ დიდ საქმეში, რასაც ყველა ერთად ვემსახურებით“.
მაია ჩაჩხიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს და რა თქმა უნდა, „ეტალონს“ - თქვენ შექმენით სიყვარულის სამკუთხედი - მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი, რისთვისაც მადლობას გიხდით“.
დოდო დოლიძე, აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„მოგესალმებით, აბაშაში მშვიდობა გვაქვს, ვებრძვით კოვიდს და „ეტალონის“ ყველა ინიციატივას ვუჭერთ მხარს“.
ამასობაში სახალისო ტესტირებაც დასრულდა და დირექტორების შედეგებიც თვალსაჩინო გახდა, თუმცა გოჩა ტყეშელაშვილმა მხოლოდ პირველი სამეული გამოაცხადა და ასეც უნდა იყოს, რადგან თანამოაზრეებში, ერთი დიდი ოჯახის წევრებში რიგითობა რა მოსატანია.
გადაცემის დასასრულს სკოლების ხელმძღვანელებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და პროექტიც შეაფასეს:
მაია ხუნაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ზემო მაჩხაანი საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ეტალონის“ პროექტებში; გვყავს „ეტალონი“ მოსწავლე, რომელიც ახლა უკვე შიდასასკოლო ტესტირებებს უძღვება და ბავშვებს ძალიან მოსწონთ. თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ სკოლაში პატარა „ეტალონი“ გვაქვს მოწყობილი.
რაც შეეხება კონკურსს, ძალიან გამიხარდა, მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა, თუმცა ასეთ შედეგს არ ველოდი. პროფესიით მათემატიკოსი ვარ და ცოტა გული დამწყდა, ჩემი სფეროდან რომ არ იყო კითხვები, თუმცა ტესტირება ძალიან საინტერესო იყო და სახალისოც. ესაა დიდი მოტივაცია ჩვენთვის; ისე, სულ მაინტერესებს, ვინ ადგენს კითხვებს - ესეც ალბათ ბატონი გოჩას დამსახურებაა.ძალიან მოგვწონს izrune.ge - ჩვენი მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულები“.
დოდო დოლიძე, აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ძალიან მომეწონა „ეტალონი დირექტორების“ კონკურსი... იცით, ცოტა ხნით ბავშვობაში დავბრუნდით, მოსწავლეობის პერიოდი გავიხსენეთ, თუმცა ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“ და ყველა დირექტორს იმ დიდ საქმეში, რასაც ვემსახურებით“.
ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
„დიდი მადლობა მინდა გითხრათ, არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოტივაციას აძლევს არა მხოლოდ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, არამედ დირექტორებსაც. ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ დაარსების დღიდან მეგობრობს და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩას გვერდით დგომისთვის. რაც შეეხება ჩემს შედეგს, ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გახარებული ვარ. წარმატებას გისურვებთ ყველას“.