„პატარა მარცხების გადალახვა ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს!“
04-06-2021

ეტალონის“ უპრეცედენტო პროექტი და ონლაინ-გადაცემების უცვლელი კომპონენტი „გაამოს“  - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანების ძალისხმევით შეიქმნა, ეს კი, როგორც პროექტის წამყვანმა და სულისჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა,  უკიდურესმა აუცილებლობამ განაპირობა, რადგან დღეს მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არავის სცალია.

გადაცემის თანაწამყვანი გახლდათ ექსპერტი სერგო ჩიხლაძე, მოწვეული სტუმრები კი იყვნენ პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ირინა ტაბუციძე, ონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ნინო მეტრეველი და საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცისმარ მაჭარაშვილი.

გოჩა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-5 სასტარტო გადაცემის ძირითადი თემაა მოზარდის გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გადაწყვეტის გზების ძიება და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა.   

თანაწამყვანმა, სერგო ჩიხლაძემ კი მოზარდის წარმატებასა და მოტივაციაზე დეტალურად ისაუბრა: „როგორ უნდა განისაზღვროს ბავშვისთვის წარმატება? - ეს არაერთმნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად უყურებს. ფაქტია, ბავშვისთვის წარმატება განსხვავდება ჩვენი, უფროსების წარმოდგენისგან - მასწავლებლისთვის ეს კარგად სწავლაა, მშობლისთვის კარგი პროფესია, ამ დროს კი ბავშვისთვის შესაძლოა ეს სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავარია, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს შვილს, ყველა ასაკში ვიცოდეთ, რა არის მისი ინტერესის სფერო, ძლიერი მხარეები და ხელი შევუწყოთ მისი მიზნების სწორად დასახვას.

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა ტაბუციძემ კი განმარტა, რომ მშობელი ბავშვისთვის არის როლური მოდელი, მაგალითის მიმცემი და ბავშვის განვითარება სწორედ ოჯახიდან იწყება:

„წარმატებას განაპირობებს ოჯახი - სადაც, ბავშვი სწავლობს ცხოვრებას, ურთიერთობებს... თუ მშობლები ბავშვის განვითარებას მიჰყვებიან ჰარმონიულად, ავითარებენ მის ინტერესებს, იწყება დამკვიდრება და თუ მშობელი ამ პროცესს მიჰყვება მშვიდად, ბავშვი სწავლობს ურთიერთობებს, გარეთაც ადვილად აგვარებს გარკვეულ საკითხებს, არის აღიარებული თანატოლებში და წარმატება უკვე მიღწეულია. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, როგორც წარმატების წინაპირობას - ნიშნები არ არის წარმატების განმსაზღვრელი; შეიძლება ეშინოდეს მშობლის, მასწავლებლის და ამიტომ ჰქონდეს მაღალი ნიშნები, მაგრამ თუ ეს შინაგანი მოტივაციითაა განპირობებული, მაშინ ყველაფერი რიგზეა.

ასევე საყურადღებოა, რომ მშობელი ნაკლებად უნდა ჩაერიოს - ჰგონია, რომ მართალია და ბავშვმა არ იცის, მაგრამ აუცილებელია დამოუკიდებლობა, ასე ბავშვს ექნება შემუშავებული ქცევის მოდელი, როგორ გადალახოს სხვადასხვა პრობლემა და თუ ჩვენ ვუგვარებთ ამას, დათვური სამსახურია და როდისღა უნდა გავუშვათ ხელი? - პატარა მარცხების გადალახვა ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს!

აქვე მნიშვნელოვანია მოტივაცია, რომელიც არის შინაგანი და გარეგანი: გარეგანი გულისხმობს სხვადასხვა ჯილდოს და შედეგად, კარგად სწავლას აღიარების გამო, მაგრამ თუ სწავლა ინტერესის ნაწილია, მაშინ ყველაფერი რიგზეა და ამ გრძნობის გაღვივება უკვე პედაგოგის ვალია. დაწერილი წესები არ არსებობს - ინტუიციურად უნდა მივყვეთ ჩვენი შვილების განვითარებას, მთავარია, რასაც ვაკეთებთ - სიყვარულით გავაკეთოთ. გვახსოვდეს, მშობელი არის როლური მოდელი - რაც უნდა ბევრი ვუჩიჩინოთ ბავშვს, როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვიქცევით... -  ჩვენ აუცილებლად მოგვბაძავს“.

ონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცნტრის ხელმძღვანელმა ნინო მეტრეველმაც დეტალურად ისაუბრა ბავშვების წარამტებასა და მათ მოტივაციაზე:

„პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გავდავუხადო საუკეთესო პროექტისთვის გოჩა ტყეშელაშვილს; ასეთ დროს, როდესაც პანდემიის გამო, დისტანცირებულები ვართ, „ეტალონი“ მუდმივ კონტაქტზეა და პიროვნულადაც გვიდგას მხარში. რაც შეეხება ბავშვებს, მიმაჩნია, რომ შინაგანი და გარეგანი მოტივაცია ერთმანეთს არ გამორიცხავს:

ბავშვი თავიდან სწავლობს იმიტომ, რომ დაიმსახუროს მაღალი შეფასება, მშობლის ქება, მიიღოს „პირველი კომპიუტერი“, ოქროს მედალი, ეროვნულ გამოცდებზე კარგი შეფასების შედეგად მოპოვებული გრანტი... მაგრამ საუკეთესოა, როდესაც შინაგანი მოტივაცია გააჩია; სხვათა შორის, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა და ამ მხრივ izrune.ge საუკეთესო პლატფორმაა - სწორედ ეს  პროექტი ემსახურება განვითარებასა და წარმატების აღიარებას.

ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც მოსწავლე ხედავს მშობელსა და მის ირგვლივ საზოგადოებას წარამატებულს; ჩვენი ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან, პედაგოგებიც მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე და სწორედ ესაა წარმატების საწინდარი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ცისმარ მაჭარაშვილმა კი აღნიშნა, რომ სწორედ განათლებული და წარმატებული მომავალი თაობები არის სახელმწიფოს აღმშენებლობის საფუძველი:

„შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ეს გადაცემა უდავოდ შესაძლებლობაა, ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ და ვისაუბროთ აქტუალურ თემებზე, პრობლემურ საკითხებზე; მთავარია, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს საჭირბოროტო საკითხებზე ვესაუბრებით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

ზოგადად, წარმატება არის სწრაფვა სიახლეეებისკენ, მოტივაცია - დაძლიონ სირთულეები, წარმატებისკენ სავალი გზა კი ხშირად არ არის ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ ჩვენ, უფროსებმა, განსაკუთრებით, ვინც განათლების სისტემაში ვმოღვაწეობთ, ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და შევუმსბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლავს წარმატებისკენ სწრაფვას.

განათლებული, ჯანსაღი თაობებია გამართული სახელმწიფოს ნაწილი და განვითარებული ქვეყნების სიმდიდრეც გახლავთ ნიჭიერი, წარმატებული, ერუდირებული ადამიანები, რომლებიც თავისი ინოვაციური პროექტებით, საფუძველს უყრიან სახელმწიფოს წინსვლას.

სწავლა არის ურთულესი და ხანგრძლივი პროცესი და ეს ტვირთი თანაბრად უნდა გადანაწილდეს სკოლასა და ოჯახზე; აქ რომელს ენიჭება უპირატესი როლი, სადავო საკითხია, მაგრამ სწორედ თანმიმდევრული მოქმედება უნდა გახდეს წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203