მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო და კერძო ბაღის მასწავლებლებისა და მათი თანაშემწეებისთვის გამოაცხადა კონკურსი - „წლის პრაქტიკა“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო ან/და კერძო ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მსურველებს დარეგისტრირება 2021 წლის 4 ივნისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.
კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
ა) თავად აღმზრდელს/ აღმზრდელის თანაშემწეს, რომელიც ავსებს ამ წესის N1 დანართით განსაზღვრულ ფორმას ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებას;
გ) ბაგა-ბაღების გაერთიანებას;
დ) ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურს;
აღმზრდელის/აღმზრდელის თანაშემწის კანდიდატურის ცენტრში წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს კონკურსანტს, იმისთვის, რომ მან შეავსოს ამ წესის N1 დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
კონკურსის პირველ ეტაპზე კომისია აფასებს კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად და ვიდეორგოლს. ვიდეორგოლის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 10-15 წუთს და უნდა ასახავდეს საგანმანათლებლო პროცესის ერთი კონკრეტული მონაკვეთის მიმდინარეობას.
იმ შემთხვევაში თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს, კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გამო არ აქვს საშუალება გადაიღოს ვიდეორგოლი, მას შეუძლია გამოიყენოს ვიდეორგოლი, რომელიც გადაღებულია მაქსიმუმ 2019 - 2020 წლებში.
კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატი წარმოადგენს პრეზენტაციას საგანმანათლებლო პროცესში საკუთარ როლზე. პრეზენტაციას კომისია აფასებს ამ წესის დანართი N3-ის შესაბამისად.
ვიდეორგოლი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tslispraqtika@gmail.com
რეგისტრაციისთვის, გადადით ბმულზე
საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.