„ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახში, სადაც განათლებას პატივს სცემენ, აუცილებლად გახდება წარმატებული“ - გულო სულამანიძე ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექტორის - გულო სულამანიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . . 


- დაკავშირებულია შედეგთან. საინტერესოა  კოლეგებთან ერთად იმ თემების განხილვა, რომლებსაც სასწავლო წლის განმავლობაში ვგეგმავთ და ერთად ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ აკადემიურ სასწავლო პროექტებს, პრეზენტაციებს, ღია გაკვეთილებს. ვსაუბრობთ, თუ როგორი შედეგებით დაასრულეს მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმა. დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში გამოვყოფთ პრიორიტეტებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და სამომავლოთ ვფიქრობთ იმ პრობლემებზე, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . . 

- ერთიან გუნდს, რომელსაც ჰყავს მიზანდასახული ლიდერი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ერთიანობა. ერთობლივი ძალისხმევა და აქტიურობა, ინტერესი საერთო საქმის კარგად კეთებისთვის ყოველთვის იქნება პრიორიტეტული.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . . 

- გამორჩეულად შემიძლია გავიხსენო მზადება პროექტებისთვის, ღია გაკვეთილისთვის, ან თუნდაც კომპლექსური დავალების შექმნისათვის და წარდგენისთვის. ასეთ დროს გუნდური მუშაობა, კოლეგიალური პატივისცემა, მოსწავლეთა ინტერესი და აქტიურობა მართლაც რომ სასიამოვნო და განსაკუთრებული პროცესია. გავიხსენებ დისტანციურ ფორმატს, რომელსაც აქვს სირთულეები, მაგრამ ბავშვები ისეთი აქტიურობით არიან ჩართულნი, რომ მართლაც განსაკუთრებულია.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . . 

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა და აუცილებელი. ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახში, სადაც განათლებას პატივს სცემენ, აუცილებლად გახდება წარმატებული.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . . 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა მასწავლებლის დამოკიდებულება საგნისადმი. თუ მასწავლებელს საგანი უყვარს და ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს, რათა მოსწავლემდე მიიტანოს ცოდნა, განუვითაროს უნარ-ჩვევები, თვითონ ისწავლოს და მერე ასწავლოს, იმეგობროს, გაიზარდოს, უყვარდეს, აჩვენოს გზა, იყოს თანამედროვე, მზრუნველი--ის აუცილებლად იქნება მოსწავლისთვის სამაგალითო!  „რასაცა გასცემ-- შენია, რასც არა-დაკარგულია!“

- დირექტორის მოტივაციაა. . . 

- ისევ და ისევ შედეგი! როგორ უნდა იზეიმო საქმის წარმატებით დასრულება? - ახალი საქმე დაიწყე. ახალი საქმე კი ყოველთვის ახალი მოტივაციაა. ლიდერობა არ არის სტატუსი, ის მოქმედებაა. მე შემიძლია ვიყო ტოლერანტური, შემიძლია ყოველდღიური აღმოჩენებით საინტერესო გავხადო სასკოლო ცხოვრება, შემიძლია მოსწავლეებს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დავეხმარო, შემიძლია ადამიანური კაპიტალის განვითარებაში მივიღო მონაწილება, შემიძლია განათლებით უკეთესობისკენ შევცვალო მოსწავლეების მომავალი...ამაზე უკეთესი მოტივაცია დირექტორისთვის არ არსებობს.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . . 

- ცოდნა. ისწავლე, რათა ასწავლო. მარადიულ ღირებულებებთან ერთად ცოდნა უნდა შეიძინო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203