„ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ სასკოლო საზოგადოებას“- ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ გელოვანი
10-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორმა რობერტ გელოვანმა ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- ერთგვარ სევდას იწვევს, რომ ჩვენს ხელში გაზრდილი კიდევ ერთი თაობა გვტოვებს, მაგრამ როცა გვესმის ცნობები მათი წარმატებების შესახებ, სიამაყის განცდა ჩაანაცვლებს ხოლმე.
ეს დრო ყველა სკოლაში დატვირთულია - მთელი წლის ნამუშევრის შეფასება, დაჯამება, სტატისტიკა, მომავალი წლის დაგეგმვა, გარემოს მომზადება. ვიღაცა კმაყოფილია, ყველამ ვერ შეძლო დასახული მიზნების განხორციელება. მხარში ამოდგომა, დახმარება, ადამიანური თანაგრძნობა, მიღწევების დაფასება... ესაა სასკოლო ცხოვრება.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- ძლიერ სასკოლო საზოგადოებას. როცა ერთნაირად იღვწიან მოსწავლის სასიკეთოდ ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. მუდმივად ვგრძნობ ჩემი მასწავლებლების მხარდაჭერას. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ ნიჭიერ თაობასთან მარგუნა ბედმა ვიყო სკოლის ხელმძღვანელი.
ვგრძნობ, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო მშობელთა პედაგოგიზაციისთვის. მინდა, მეტად იხედებოდნენ მშობლები შვილების სულში. ბევრისგან მაგალითის აღებაც შეიძლება, მაგრამ უმრავლესობას დასჯის მეთოდები მიაჩნია აღზრდის ძირითად საშუალებად და ნაკლებად მიმართავენ წახალისებას. რაც შეეხება ზემდგომ ორგანოებს, მუდამ ვგრძნობ მხარდაჭერას.
გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- სკოლის გახსნის დღე. სამწუხაროდ არც თუ ისე სასიამოვნოდ... სკოლას 2023 წელს 130 წელი უსრულდება. 2020 წელს ახალი სასწავლო კომპლექსი ჩავიბარეთ. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასოდეს გვქონია საკუთარი შენობა. ხან სად ვიყავით შეხიზნული და ხან სად. აღფრთოვანებულებმა მოვამზადეთ გრანდიოზული ღონისძიება. გვინდოდა თავი მოგვეწონებინა და ჩვენი სიხარული ბევრისთვის გაგვეზიარებინა, მაგრამ კოვიდ-19-ის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა და თითქმის უხმოდ, მისალმების გარეშე მოგვიწია საკლასო ოთახებში შესვლა. თუმცა ახალმა შენობამ გაამართლა და მთელი სასკოლო საზოგადოება გარკვეულ სიამაყეს გრძნობს. მადლობა ყველას, ვინც იზრუნა ჩვენი სოფლის მომავალი თაობისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- და თან ძალიან. სწავლების თანამედროვე მეთოდები იძლევა მეტ შესაძლებლობას, მოსწავლემ კლასშივე აითვისოს ძირითადად ახალი მასალა, მაგრამ ოჯახი უნდა დაეხმაროს ბავშვს მის განმტკიცებაში. აშკარად გამოირჩევა დაინტერესებული და საქმეში ჩახედული მშობლების შვილების აკადემიური შედეგები.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მშობელიც და მასწავლებელიც. ისინი ხშირად ბაძავენ მათ ქცევებს, მანერებს, მეტყველებას. ამიტომ მასწავლებელს უფრო არ ეპატიება ქცევის, ჩაცმის, მეტყველების და ლექსიკის ნორმებიდან გადახვევა
- დირექტორის მოტივაციაა...
- მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, როცა დარწმუნებულია, რომ ის ზედმიწევნით შეასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ თვითონ არ უნდა ცდილობდეს ყველა ტვირთი თავის თავზე აიღოს. მოვალეობების სწორად და შესაძლებლობების გათვალისწინებით განაწილება „კარგი სკოლის“ საწინდარია.
მიმაჩნია, რომ საშტატო განრიგი არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ მოსწავლეთა რიცხოვნებაზე. სკოლა არსებობს, ე.ი. მას სჭირდება ყოველმხრივ განვითარება და პასუხისმგებელი პირიც. რის საშუალებასაც მცირეკონტინგენტიანი სკოლის ბიუჯეტი ხშირად ვერ უზრუნველყოფს.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- კადრები, კადრები და კიდევ ერთხელ მაღალკვალიფიციური კადრები და ბუნებით პედაგოგი ადამიანები. პედაგოგი ყველაზე დასაფასებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მას სხვისი შვილების უანგაროდ სიყვარული შეუძლია.