„თანამედროვე ახალგაზრდები ირჩევენ პრაქტიკულ და აქტუალურ პროფესიებს“ - მაია მეტონიძე, თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2021
როგორ შეაჯამებდა 2020-2021 სასწავლო წელს? რა რჩევას მისცემდა მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს? და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა გამოწვევების დაძლევა? - ამ და სხვა საკითხებზე თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია მეტონიძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

 - 2020-2021 სასწავლო წელმა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა: მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ძირეულად შეცვალა მიდგომები სწავლა-სწავლებისადმი; საბედნიეროდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან დროულად გატარებულმა საგანმანათლებლო რეფორმამ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ცალკეული საფეხურის მოთხოვნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით მიმდინარეობდა ჰიბრიდული მეთოდით, რამაც განაპირობა სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დისტანციურმა სწავლებამ ისინი უფრო მეტად ჩაახედა საგაკვეთილო პროცესში, რაც გახდა საფუძველი ზოგიერთი მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა, თუმცა იყო განსხვავებული შემთხვევებიც: ზოგიერთი მშობლისთვის ეს პროცესი დამღლელი აღმოჩნდა, ვერ აკონტროლებდნენ შვილების სწავლების პროცესში ჩართულობას, რაც შესაბამისად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- ჩემი აზრით, გამოცდის სახით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება საჭიროა, რადგან ასეთ დროს მაღალია პედაგოგის მხრიდან მობილიზება, პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფილია ობიექტურობა და სანდოობა. გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს რჩევას, უპირველესად, საკუთარი გამოცდილებიდან მივცემდი: შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოცდას შეხედონ არა როგორც სტრესულ მდგომარეობას, არამედ როგორც საკუთარი პრაქტიკის სხვისთვის გაზიარებას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდების არჩევანი პროფესიებისადმი გახდა მრავალფეროვანი. წინა წლებში აშკარად იკვეთებოდა რამდენიმე პროფესიის დომინანტობა, დღეს კი რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა: თანამედროვე ახალგაზრდები, მათ შორის ჩვენი მოსწავლეებიც, ირჩევენ პრაქტიკულ და აქტუალურ პროფესიებს.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- ვფიქრობ, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი,  უმჯობესია, განსაზღვრულ იქნას კონკრეტული თარიღით, რადგან ზემოთ ხსენებული ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა იწვევს ერთგვარ გაურკვევლობას მშობლებში. კერძოდ, მათთვის ბუნდოვანია, რატომ მოძრაობს დაბადების თარიღთან დაკავშირებით პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი.
მართებულად მიმაჩნია, პირველ კლასში მივიღოთ 1 იანვრამდე დაბადებული მცირეწლოვანი. სავარაუდოდ, ეს თარიღი გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას, რადგან ამ ასაკის მცირეწლოვანთა ნაწილს შეიძლება არ ჰქონდეს სასკოლო მზაობა, თუმცა, მშობელს უნდა შეეძლოს თავად შეაფასოს შვილის განვითარების დონე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203