თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ საბაური საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ რომელსაც მოსწავლეები პროფესიის არჩევის ან მისი შეცვლის დროს აწყდებიან.
კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს? - დირექტორი აღნიშნავს, რომ საკითხი ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას.
„გულწრფელად მიხარია, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცა. მოდით, მივუდგეთ საკითხს უფრო გლობალურად და ჯერ დავსვათ შეკითხვა: რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა პროფესიული არჩევანი სწორად გააკეთონ? რას ვთავაზობთ მოსწავლეებს პროფორიენტაციული კუთხით სკოლებში? რამდენად ვეხმარებით მათ პროფესიული ინტერესების თვითგამორკვევასა და საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაში? როგორ უნდა გააკეთონ მათ პროფესიული არჩევანი, როცა მთელ რიგ პროფესიებს არც იცნობენ, არ მოუსინჯავთ საკუთარი უნარები ამ პროფესიებში, არ იციან, რა ძალისხმევას მოსთხოვს ესა თუ ის საქმიანობა და მხოლოდ მშობლების, უფროსი მეგობრების და მათ მიკროსოციუმში მყოფი ახლობლების რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან?
საკითხი ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას, რადგან მოსწავლეების მიერ არასწორად გაკეთებული პროფესიული არჩევანი, უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე უსასრულოდ გაწელილ მობილობასთან, სახელმწიფოს თუ მშობლების ბიუჯეტის თანხის „უმისამართოდ“ გადახდასთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ კი ქვეყანა კარგავს დროს, დროსთან ერთად კი - კადრს, რომლის პროფესიონალიზმსაც ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა!
ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა როლი უნდა დაეკისროს სკოლას მოსწავლეთა პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში. იქამდე, კი სანამ პროფ ორიენტაციის გაკვეთილები მეცხრე კლასში, წელიწადში 8 გაკვეთილით და მეთერთმეტე კლასში, მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 4 გაკვეთილით შემოიფარგლება და ისიც მხოლოდ ფაკულტეტური სახით, ამ საკითხზე პასუხის გაცემა პროფესიუნალურ დონეზე შეუძლებლად მიმაჩნია“, - აღნიშნავს, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ საბაური.