„კომპეტენციების დადასტურება საჭიროა და აუცილებელიც“- თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
15-06-2021
განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე სასწავლო წელს აჯამებს.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
- 2020-2021 სასწავლო წელს სკოლა მართლაც დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. გარდა იმისა, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებები უნდა სათანადო დონეზე გატარებულიყო სკოლაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლეთათვის იმ დანაკლისის ანაზღაურება იყო, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია სწავლა–სწავლების საკითხში. დირექციის და მასწავლებლების ძალისხმევით, მათი დაუღალავი შრომით და მშობლების მხარში დგომით მოსწავლეებმა შეძლეს ამ პრობლემის დაძლევა. დისტანციური სასწავლო პროცესიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლისთანავე მოსწავლეებს ყველა საგანში უტარდებოდათ გაკვეთილები წინასწარ შემუშავებული აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში გაიზარდა დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისას, რაც განსაკუთრებულად იმით გამოიხატა, რომ მოსწავლეები მშობლების დახმარებით უზრუნველყოფილი იყვნენ ციფრული ტექნოლოგიური საშუალებებით და ინტერნეტით. ჩვენი სკოლის არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა სასწავლო პროცესის მიღმა. აქ ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი ისიც იყო, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა მოსწავლესთან იოლად ხერხდებოდა ონლაინ კავშირი.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ სიმშვიდეს, ემოციების სწორად მართვას, გონივრულ მიდგომას საქმისადმი. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კომპეტენციების დადასტურება საჭიროა და აუცილებელიც.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- მოსწავლეთა უმრავლესობა ირჩევს იურიდიულ ან ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტს.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- ვფიქრობ, უმჯობესია, თუ ბავშვს იანვრამდე უსრულდება 6 წელი, შევიდეს პირველ კლასში, ვიდრე იანვრიდან 7 წლისამ იაროს საბავშვო ბაღში.