„ეს სასწავლო წელი ჩვენმა სკოლამ წარმატებით დაასრულა“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი
16-06-2021
ჩვენი სკოლა მომზადებული დახვდა ამ გამოწვევას, ცხრილი მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მასწავლებელთა სურვილები და მშობელთა რეკომენდაციები - ასე აჯამებს ჰიბრიდულ და გამოწვევებით სავსე სასწავლო წელს ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი. სკოლისა და მისი ხელმძღვანელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არაპროგნოზირებადი წელიც, ორგანიზებულად და წარჩინებით დაასრულეს. 

უფრო მეტს განვლილ წელზე, მშობელთა ჩართულობასა და მასწავლებელთა გამოცდებზე რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორის მოსაზრებებს გაეცანით მისი პასუხებიდან: 

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?
2020-2021 წლის  სასწავლო წლის მანძილზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პროცესის მიმდინარეობისას მთავარი გამოწვევა იყო სწავლების ფორმების ხშირი ცვლილებები, მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშირებულ არათანაბარი პირობები. ჩვენი სკოლა მომზადებული დახვდა  ამ გამოწვევას, ცხრილი მორგებული იყო მოსწავლეთა საჭიროებებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მასწავლებელთა სურვილები და მშობელთა რეკომენდაციები. დავარეგულირეთ ჰიბრიდული სწავლების პრობლემები. მოსწავლეთა შეფასება განვახორციელეთ, როგორც მატერიალურ ჟურნალში  ისე ელექტრონული ფორმატით. პარალელურად ონლაინ რეჟიმში ვატარებდით სამეურვეო საბჭოს სხდომებს, საგნობრივი კათედრების შეხვედრებს. მუშაობდა ხარისხის განვითარების ჯგუფი. მუდმივად ხორციელდებოდა დისტანციური გაკვეთილების მონიტორინგი, რათა მათი ხარისხი ესგ-ის მიზნებთან შესაბამისი ყოფილიყო. ვითვალისწინებდით რეკომენდაციებს. ეს სასწავლო წელი ჩვენმა სკოლამ წარმატებით დაასრულა. 

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- მშობელთა ჩართულობა ამ პროცესში გაიზარდა, მშობლები ესწრებოდნენ შვილებთან ერთად ონლაინ გაკვეთილებს, უზრუნველყოფდნენ ტექნიკური ხარვეზების მოგვარებას, მუდმივად ეკონტაქტებოდნენ სკოლის ინფორმაციის მენეჯერს პრობლემების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით გამოვყოფდი სსმ  მოსწავლეებთან მუშაობას მათთვის დამატებითი მასალების მიწოდება, ჩართვა ონლაინ გაკვეთილებში, მოტივაციაზე ზრუნვა ხდებოდა სპეც მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით. 

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- ვფიქრობ, გამოცდა ერთ-ერთი თუმცა არა ერთადერთი საშუალებაა კომპენტენციის დასადასტურებლად. საგნობრივი კონპენტენციის დადასტურება უშუალოდ მათ პროფესიონალიზმს ეხება და უფრო მარტივად დასაძლევი მგონია. ვურჩევდი უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ  პროფესიული ლიტერატურის ფსიქოლოგიის პედაგოგიკის საკითხებს. გაიარონ კონსულტაცია გამოცდილ პედაგოგებთან, რომ წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდა. როგორც წამყვანი მასწავლებელი ვურჩევდი მშვიდად აღელვებისა და სტრესის გარეშე მიიღონ კომპენტენტური გადაწყვეტილება. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა პედაგოგს. 


- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- არჩევანი აბიტურიენტების მხრიდან, ვფიქრობ, შეიცვალა. ჩემო სკოლის მოსწავლეები ირჩევენ ისეთ სპეციალობებს, რომელიც აქტუალურია და მოთხოვნადი დასაქმების კუთხით - კვების მრეწველობა, ენერგეტიკა და არქიტექტურა. თუმცა გვყავს მომავალი იურისტები, ექიმები, ეკონომისტები. 

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- რაც შეეხება პირველ კლასელებს ექვსი წლის ასაკში სკოლაში შემოსვლა სრულიად გამართლებულია. ამ ასაკში ბავშვი უკვე გააზრებულად იწყებს სწავლას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203