„მოსწავლეებისათვის ჩვენი ყოველი ქცევა უნდა იყოს მისაბაძი“ - ლიანა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის დირექტორი
17-06-2021

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ბოლქვაძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- დაკავშირებულია ემოციებთან, განცდებთან, სიხარულსა და ამავე დროს სინანულთანაც. ორმაგი გრძნობა გეუფლება: სინანული იმისა, თითქოსდა ოჯახის წევრებს აცილებ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე და ასევე გიხარია, რომ მათი წარმატებებით შემდგომში მუდამ იამაყებ. სხვა სასწავლო წელთან შედარებით, ეს წელი უჩვეულო იყო თავისი გამოწვევებით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებით. მიუხედავად ყველაფრისა, დისტანციური სწავლებისა, ჩვენ მშობლებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შევძელით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამული მასალის დაძლევა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ვფიქრობ ძლიერი სკოლა ნიშნავს, სკოლა დაკომპლექტებული იყოს მაღალკვალიფიციური, ძლიერი, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული კადრებით. სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო. ყველა იქ მყოფი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და უსაფრთხოდ. მნიშვნელოვანია სამი რგოლის - მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის ურთიერთთანამშრომლობა.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- სკოლის წარმატებები, წარმატებული მოსწავლეების, მიღწევები, ემოციები, რომელსაც განვიცდი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების ეროვნული გამოცდების შედეგებისა და ჩარიცხვის მომენტში. განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო დღე სკოლის ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრისა, მათი ემოციები, მადლიერება არასოდეს დამავიწყდება. ასევე განსაკუთრებით მახსენდება ის ემოციები, მოსწავლეებისაც და მასწავლებლებისაც, რომელიც დავინახე პანდემიის შემდგომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა... 

- ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა ყველგან და ყველაფერში. ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, დისტანციური სწავლების პერიოდში არავითარი შედეგი არ გვექნებოდა.  ძლიერი ლიდერი, ხელმძღვანელი ვერ იქნები, რომ არა ოჯახის მხარდაჭერა.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მშობლის, მასწავლებლის, მისთვის განსაკუთრებული ადამიანის ქცევა და ქმედება; ამიტომ ჩვენი მოსწავლეებისათვის ჩვენი ყოველი ქცევა უნდა იყოს მისაბაძი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მეტი წარმატება, მეტი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე, სიახლეები სკოლაში. განსაკუთრებით ჩემი მოტივაციაა ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა, რომელიც მომავალი წლის  ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სკოლაში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერად აკეთოს თავისი საქმე. მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრება. ფეხი ავიწყოთ, ავიტაცოთ და განვახორციელოთ განათლების სისტემაში მიმდინარე ყველა სიახლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203