„მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას“ - იზოლდა ხვიჩავა, ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
17-06-2021

რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი, იზოლდა ხვიჩავა ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- ასოცირდება მშობლიურ სკოლასთან კურსდამთავრებულების დამშვიდობების ემოციებთან; ამავე დროს, ეს არის შესაძლებლობა, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზებისა და   გაუმჯობესების გზებზე ზრუნვისა, ახალი პერსპექტივების დასახვისა...

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- სკოლის უწყვეტ განვითარებას მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების მიზნით. უსაფრთხო, წამახალისებელ და ცოდნაზე ორიენტირებულ გარემოს, სწორ ხედვასა და მისიას, გამართულ ინფრასტრუქტურას, გუნდურობას, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვას, მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებას და ეფექტიანად განკარგვას.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- წარმატება მ/სასწავლო წელს- eTwinning ტიტული 2021-2022-ის მინიჭება. eTwinning პროექტებში მონაწილეობამ მოგვცა შესაძლებლობა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ევროპისა და მის ფარგლებსგარეთ არსებულ სკოლებთან კომუნიკაციის,თანამშრომლობის ,ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და გამოცდილების გაზიარებისა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- იმ ამოცანების შესასრულებლად, რა მოთხოვნების წინაშეც დგას თანამედროვე სკოლა. მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- ობიექტური, კეთილგანწყობილი, თავისი საგნის პროფესიონალი, ნოვატორი პედაგოგი, რომელსაც ესმის მოსწავლეების, ითვალისწინებს მათ აზრებსა და სურვილებს, ქმნის ისეთ პოზიტიურ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან თანამშრომლობაზე.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ძლიერი, მოტივირებული გუნდი, თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებები, მოპოვებული გრანტები, კონკურსებში მიღწეული შედეგები, ეფექტურად განხორციელებული სხვადასხვა პროექტი.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- უწყვეტი პროფესიული განათლება: კარგი მასწავლებლები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ; მათ მუდმივად სჭირდებათ ცოდნისა და უნარების განახლება, გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება, რათა ფეხი აუწყონ 21-ე საუკუნის სიახლეებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203