გამოცდები წელს აგვისტოშიც გადაიწევს - გორგოძე განმარტავს, რომ კოვიდიან აპლიკანტს მხოლოდ ერთი შანსი ექნება
26-06-2021

საგამოცდო პერიოდი წელს, შესაძლოა, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. აღნიშნულის მიზეზი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდებათ, 14 დღის შემდგომ ცენტრი დამატებით სესიას ჩაატარებს. გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მაგისტრებსა და მასწავლებლობის გამოცდაზე გასვლის მსურველებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი დაუფიქსირდებათ, მხოლოდ ერთი შანსი ექნებათ, რომ გამოცდა ჩააბარონ.

„ჩვენ დამატებით სესიას შევთავაზებთ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც კონკრეტული გამოცდის მომენტში დაუდასტურდებათ კოვიდინფექცია. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, არაუადრეს 14 დღისა დავნიშნავთ დამატებით ერთ საგამოცდო სესიას თითოეულ საგანში სწორედ კოვიდ ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის. ეს იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული დღე თითოეულ საგანში“, - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი.

კითხვაზე, რა ბედი ელის აპლიკანტს თუ გართულებული კოვიდინფექციის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს 14 დღის მერე დანიშნულ გამოცდაზე გავიდეს - სოფიო გორგოძე იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი შემთხვევა არ იქნება.

„მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შემთხვევა წელს არ გვექნება. კიდევ ერთი დამატებითი სესია რომ ჩავატაროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ვერ დაიწყება დათქმულ დროს. ეს არის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. შეზღუდული ვართ ვადებში, ამიტომ ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ და კიდევ შევთავაზოთ 14 დღის შემდგომ გამოცდა, სამწუხაროდ ეს მთელს პროცესის გადაწევას ნიშნავს, ყველა დანარჩენი, 40 ათასამდე აბიტურიენტისთვის“, -განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203