„პედაგოგების სტატუსის ამაღლებაში გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს საგნობრივ ცოდნას“ - ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
18-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან აბულაძემ ისაუბრა:

როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?


- იყო ერთ-ერთი რთული სასწავლო წელი. პანდემიამ საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროს დააჩნია დაღი, მათ შორის საგანმანათლებლო საქმიანობას. წინა სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე სკოლამ შეძლო სასკოლო სასწავლო გეგმის მორგება არსებულ ვითარებაზე და დისტანციური სწავლებით დასახული მიზნის მეტ-ნაკლებად შესრულება. ვერ ვატარებდით მასობრივ ღონისძიებებს, თუმცა კლასის და ჯგუფის დონეზე მაინც განხორციელდა გარკვეული აქტივობები. დიდი სირთულეები შეგვიქმნა ინტერნეტთან წვდომის და ზოგ შემთხვევაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების უქონლობამ. ყველა პედაგოგი და მოსწავლე ვერ ახერხებდა კოომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებას, რამაც სწავლების ეფექტიანობა შეამცირა.
 
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში? 

- შექმნილმა ვითარებამ „გვაიძულა“ მშობლებთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარება. დიდი ნაწილი გაგებით მოეკიდა სკოლის წინაშე არსებულ სირთულეებს და მხარში გვედგა დისტანციური სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს დავრწმუნდით, რომ ყველა მშობელს არ ესმის საკუთარი როლი შვილების სწავლების საქმეში, ე.ი. სათანადოდ ვერ ვახერხებთ მშობელთა პედაგოგიზაციას.  

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ამ თემაზე იმდენი გვისაუბრია, ვფიქრობ, ზედმეტი იქნება რჩევა-დარიგებების კიდევ ერთხელ კონსტატირება. ყველას ესმის პროცესის არსი და მნიშვნელობა. ვფიქრობ, ბარიერი მასწავლებელთა ნაწილისათვის, სამწუხაროდ, დაუძლეველ სირთულეს წარმოადგენს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ბარიერის 50%-მდე დაწევა. პედაგოგების სტატუსის ამაღლებაში გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს საგნობრივ ცოდნას და გამოცდის მეშვეობით იყოს შესაძლებელი წინსვლა. პროფესიული კონპეტენცია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მასწავლებლის მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას აკადემიური დონის სრულყოფის მუდმივი სწრაფვა უფრო შეუწყობს ხელს. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- პირველად დაფიქსირდა, რომ აბიტურიენტების უმეტესობამ წინა პლანზე პედაგოგიური ფაკულტეტები დააყენა, რაც ძალიან სასიხარულოა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხებიან, რაც აგრეთვე მისასალმებელია. ვფიქრობ, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვინც არ აპირებს უნივერსიტეტებში ჩაბარებას, ხელი უნდა შეეწყოთ პროფესიების დაუფლების და ამ გზით თავიანთი ადგილის პოვნა საზოგადოებაში. 

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
     
- არსებული კანონმდებლობა სწორად მიგვაჩნია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203