„პედაგოგი პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“- ზურაბ აბაშიძე​, ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი
18-06-2021

განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. სოფელ ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- სასწავლო წლის ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა იყო პანდემიის ფონზე მუშაობა. სკოლაში რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიცავდით. კორონავირუსის გავრცელების შიდა ფაქტები თითქმის არ ყოფილა. ორ კვირაში ერთხელ სკოლის თანამშრომლები იტესტებოდნენ, ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია. სწორედ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვამ უზრუნველყო ეს შედეგი. 

მოგეხსენებათ, პრევენციის მიზნით სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული. ამ სირთულეების მიუხედავად, ვმუშაობდით უწყვეტად და მოსწავლეებს არაერთ სასწავლო- საამღზრდელო აქტივობას ვთავაზობდით. გამოწვევა დავძლიეთ გუნდური მუშაობითა და ერთმანეთის მხარში დგომით.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- სწავლა-სწავლების შესახებ მშობელთა ინფორმირება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მათ სკოლაში მიმდინარე სიახლეებს ონლაინ შეხვედრების საშუალებით ვაცნობდით. მშობელთა უმეტესობა აქტიურად ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს, შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესზე მეტი ინფორმაცია მიიღო. აქტიურად ვმუშაობთ მშობლების სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართვაზე. მშობლები გვეხმარებოდნენ სხვადასხვა სასწავლო რესურსების შექმნასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში. 

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- სკოლის წარმატებისთვის აუცილებელია პროფესიონალი მასწავლებელი, ვფიქრობ, პედაგოგი პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს, რომ მოსწავლის მოტივირება და დაინტერესება შეძლოს. ამიტომ მასწავლებლები არ უნდა შეუშინდნენ გამოწვევებს და დაადასტურონ პროფესიული კომპეტენცია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ჩვენს სკოლაშიც პრესტიჟულ ფაკულტეტებს ეტანებიან. საბუნებისმეტყველო სპეციალობები ნაკლებ პოპულარულია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი, სასურველია, სასწავლო წლის დაწყების თარიღთან არ იყოს მიბმული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203