„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება და მუნიციპალიტეტების მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ. განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ პანდემია ვერ აღმოჩნდა მთავარი მიზნის ხელშემშლელი ფაქტორი და მოსწავლეთა განათლებაზე ორიენტირებული პროექტი, 2021 წელსაც არ ღალატობს ტრადიციას. ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.
ონის მუნიციპალიტეტში, ეტალონი მოსწავლე გახდა მარიამ საძაგლიშვილი, პიპილეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელმაც მოგვიანებით, etaloni.ge-ს საკუთრი ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა:
„ძალიან მიყვარს ეს პროექტი და ყოველთვის ვგულშემატკივრობ; მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე და მით უმეტეს მიხარია, რომ გამარჯვების საშუალება მომეცა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ კითხვები ყველა საგანს ეხებოდა, იყო მრავალმხრივი და მეც, საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება მქონდა. სიმართლე გითხრათ, დიდად, გამარჯვებისთვის არ იბრძოდი და ამიტომ, ჩემმა პირველობამ ცოტა გამაოცა, თუმცა იმდენად გახარებული ვარ, ემოციების გადმოცემა მიჭირს“.
ონის მუნიციპალიტეტის, პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ჟუჟუნა ლობჯანიძემ კი აღნიშნა, რომ ამაყობს საკუთარი მოსწავლით, მისი წარმატებით და იმედოვნებს, მომავალშიც ბევრი გამარჯვება ელით წინ:
„მადლობელი ვარ „ეტალონის“, როგორც დირექტორი და ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით, მინდა, მივულოცო მარიამს გამარჯვება. მოხარული ვარ, რომ ბავშვები დიდი ინტერესით არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროექტში. მარიამი ფრიადოსანია, ძალიან კარგი გოგონა და იცით, ყველაზე მეტად რა მაბედნიერებს? - შრომა რომ დაუფასდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ, მადლობა „ეტალონს“.
ონის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო მეტრეველმა კი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ჩემი შეხედულება „ეტალონის“ შესახებ, ყველასთვის ცნობილია და ახლაც გავიმეორებ - ესაა პროექტი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომავალი თაობების განვითარებაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია, არის ინტერნეტკავშირის პრობლემა, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ეტალონის ინტელექტ-ჩეპიონატი დისტანციურად ჩატარდებოდა, ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მონაწილეობა მიეღოთ და წარმატებისთვისაც მიეღწიათ. უმთავრესი კი ისაა, რომ „ეტალონმა“ შეძლო, ყველა ბავშვი თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა, მიეცა სწავლის მოტივაცია და მეტად დაეახლოვებინა წიგნთან“.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მანანა ჩაგელიშვილმა თითოეულ მონაწილეს მიულოცა წარმატება და აღნიშნა, რომ ამაყობს თითოეული მოსწავლით:
„ჩვენი სამსახურის სახელით, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის ხელმძღვანელს, გუნდის თითოეულ წევრს... სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, მოსწავლეები სოფლების სკოლებიდან, ასე აქტიურად რომ ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საოცარი შედეგები აჩვენეს. თამამად ვიტყვი - „ეტალონმა“ განსხვავება წაშალა მოსწავლეებს შორის და მისცა სტიმული, უკეთ ესწავლათ. ნამდვილად ვამაყობთ ამ ბავშვებით და გამარჯვებულსაც ვულოცავთ; მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ესაა პროექტი, რომელმაც აუცილებლად უნდა იარსებოს“!