„მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის ერთ-ერთ წარმატებულად მიმაჩნია“ - სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატაია
22-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატაია გვესაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?


- მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო პანდემიის სახით დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, მიმდინარე სასწავლო წელი ერთ-ერთ წარმატებულ წლად მიმაჩნია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის ახალი შენობა, სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მთავარი გარანტი იყო, რომ სასწავლო პროცესი ძირითადად საკლასო ოთახებში გვქონოდა. მხოლოდ პირველი სემესტრის ბოლოს გადავედით დისტანციურ სწავლებაზე და შეფერხება თითქმის არ გვქონია. 

-  რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- დისტანციური სწავლებისას მშობლის როლი მთავარი ფაქტორი იყო, მოსწავლე რამდენად აქტიურად ჩაერთვებოდა სასწავლო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა ჩართულობას, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ნამდვილად არ ვუჩიოდით, რა თქმა უნდა, გაიზარდა. სკოლაში სისტემატურადაა მრავალფეროვანი აქტივობები და გარდა იმისა, რომ მშობელი სავალდებულო სამეურვეო საბჭოს მუშაობაშია ჩართული, სააღმზრდელო აქტივობებში ისინი მუდმივად არიან სკოლის გვერდით.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- არამარტო საჭიროდ, არამედ აუცილებელ პირობად მიმაჩნია, მასწავლებელი ადასტურებდეს საგნობრივსა და პროფესიულ კომპეტენციას. ამისთვის გამოცდაც შესაფერისი მიმაჩნია. ვურჩევდი, რომ ღელვა არ ჰქონდეთ საგამოცდოდ. იმ ტესტებში ნამდვილად არ არის ის საკითხები, რისი გადალახვაც მათ გაუჭირდებათ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი სკოლის აბიტურიენტების არჩევანი მრავალფეროვანია და ძირითადად მათი ინტერესების მიხედვითაა, თუმცა აქცენტი მაინც კეთდება უფასო ფაკულტეტებზე. წელს ძალიან მინდა, ერთ-ერთი მაინც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს. კონკრეტულ მიმართულებაზე აქცენტს ვერ გამოვყოფ, რადგან მყავს ექიმობის, იურისტობის, მასწავლებლობის, მშენებლობის, ბიზნესისა და ეკონომიკის მსურველი.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- მიმაჩნია, რომ დეკემბრის ჩათვლით ექვსწლიანები უნდა შემოდიოდნენ  პირველ კლასში. წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ვთვლი, რომ ბავშვები მომზადებულნი იყვნენ სასკოლო განათლების მისაღებად. უფლება უნდა ჰქონდეს მშობელს და თვითონ გადაწყვეტს, შეიყვანოს თუ არა სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203