„დისტანციურმა სწავლებამ შეაფერხა მოსწავლის, როგორც სრულყოფილი აკადემიური, ასევე სოციალური განვითარება“ -ლია კაპანაძე,​ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია კაპანაძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც დირექტორებმა დისტანციური სწავლების დროს გადალახეს.

მსოფლიოში გავრცელებული კოვიდ პანდემიის განმავლობაში უკვე მეორე სასწავლო წელი დავასრულეთ უჩვეულო ვითარებაში. საკლასო სივრცეში სწავლა-სწავლება დროებით შეცვალა ონლაინ სწავლებამ ან შერეულმა სისტემამ, რომელიც მთლად ადვილი არ იყო. დისტანციურმა სწავლებამ შეაფერხა მოსწავლის, როგორც სრულყოფილი აკადემიური ასევე,  სოციალური განვითარება. თუმცა, სკოლამ მყისიერად შექმნა საგაკვეთილო ცხრილი ყველა ტიპის სწავლებისათვის და საგაკვეთილო პროცესები წარიმართა შეფერხებების გარეშე. მთავარი ისაა, რომ სწავლა-სწავლება შედგა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე მაინც გავედით. ამას ხელი შეუწო განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ გამოცემულმა რეკომენდაციამ, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებელს შეეძლო საპროგრამო მასალა შეემცირებინა ისე, რომ არ აცდენოდა სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს.


რა თქმა უნდა, სკოლის წინაშე დადგა ყველა ტიპის გამოწვევა-დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მეთოდი, წერტილოვანი შეზღუდვა. სკოლის ყველა მასწავლებელი და თანამშრომელი ჩვეული შემართებით შეხვდა არსებულ მდგომარეობას. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ალბათ მათ შორისაა, ვინც დისტანციური სწავლების დროს არაერთ განსხვავებულ და საინტერესო გაკვეთილებს ატარებდა თითქმის ყველა საგანში, რათა მოსწავლეთათვის მიეცათ ხარისხიანი განათლება,როგორც ეს შესაძლებელი იყო არსებულ პირობებში. ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებლის მიერ ჩატარებულმა ონლაინ გაკვეთილებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, აღარაფერს ვამბობ ინგლისურისა და მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ბიოლოგიის მასწავლებლების მიერ ჩატარებულ „სანახაობრივ“ გაკვეთილებზე. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, რომლებმაც არ დაზოგეს ძალები და ყველაფერი გააკეთეს, რათა მოსწავლეთათვის მოსაწყენი არ ყოფილიყო მართლაც ეს უჩვეულო და განსხვავებული გაკვეთილები.

ასევე, მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო იმ 380 მოსწავლის მშობლის მიმართ, რომლების აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში. რომ არა მათი თანადგომა, გაგვიჭირდებოდა მოსწავლეთა ჩართვა ონლაინ გაკვეთილებზე. მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავძლიეთ ეს გამოწვევა და წარმატებით დავასრულეთ 2020-2021 სასწავლო წელი,“ - აღნიშნავს დირექტორი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203