„გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ მშვიდად და მოტივაციით გავიდნენ გამოცდაზე“ - მზია გოგაძე, დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2021
როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი მზია გოგაძე გვესაუბრება:
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- 2020 -2021 სასწავლო წლის დასაწყისს შევხვდით დიდი სამზადისითა და მოლოდინით, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყებოდა. არსებული რეკომენდაციების დაცვით მომზადდა ყველაფერი, თუმცა 14 სექტემბერს გავიგეთ, რომ სწავლა დისტანციურად დაიწყებოდა. მაშინვე ვაცნობეთ მოსწავლეთა მშობლებს, კლასის დამრიგებლებსა და პედაგოგებს დავუგზავნეთ გაკვეთილების ცხრილი და სწავლა დისტანციურად დავიწყეთ. მაღალმთიანი რაგიონისათვის დიდი გამოწვევის მიუხედავად, დირექციის წევრთა კოორდინირებული მუშაობის შედეგად სასწავლო პროცესი ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო, რამდენიმე დღეში საგანმანათლებლო პლატფორმა teamsi-ის გამოყენება დავიწყეთ. თავდაპირველად სირთულეების წინაშე დავდექით, მაგრამ სკოლის დირექტორის მოადგილის მაღალი კომპეტენცია, მისი მუდმივი ჩართულობა სასწავლო პროცესის გამართულად მუშაობაში, ასევე მასწავლებელთა დიდი ინტერესი, შეესწავლათ ყველა სიახლე, გვიადვილებდა სირთულეების დაძლევას. ხშირად ვმართავდით ონლაინ შეხვედრებს, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, რათა სასწავლო პროცესი გამართულიყო, აქტიურად ჩაგვერთო მოსწავლეები, მიგვეწოდებინა მათთვის ყველა საჭირო ინფორმაცია. ჩვენი მუშაობის მიღწევად მიმაჩნია ის, რომ სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაბა შუახევის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- მშობელთა ჩართულობა, მათი აქტიური დახმარება სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას აქ წავაწყდით, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სოფლად ცხოვრობს, ინტერნეტის წვდომის პრობლემების გამო ხშირად ვერ ერთვებოდნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესში, მშობელთა უმეტესობა, ცალკეული გამონაკლისის გარდა, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შვილის სწავლის საკითხს, შეუძინეს ტექნიკური საშუალებები, ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს სასწავლო პროცესს. მოსწავლის მხრიდან გაკეთილებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში გვაცნობებდნენ მიზეზს.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?
- მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ მშვიდად, ემოციების დამორჩილებით, პასუხისმგებლობითა და მაღალი მოტივაციით გავიდნენ გამოცდაზე, ახსოვდეთ, რომ მათი მოსწავლეებისათვის ძალიან საყვარელი არიან და ახალ სასწავლო წელს მოუთმენლად ელიან მათთან შეხვედრას.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?
- პროფესიული არჩევანი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მოსწავლეები ამ ნაბიჯის გადადგმისას საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს ითვალისწინებენ, თუმცა ხშირად ყურადღებას აქცევენ იმასაც, თუ რამდენად დასაქმებად და მაღალანაზღაურებად პროფესიას ირჩევენ. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდები პედაგოგის პროფესიასაც ხშირად ირჩევენ.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი სასწავლო წლის დაწყებასთან მიმართებით მეტად აღელვებთ ჩვენს მშობლებს, ხშირად გამოთქვამენ კიდეც უკმაყოფილებას. მართლაც, ხშირია შემთხვევა, რომ სულ რამდენიმე დღის ასაკობრივი სხვაობის გამო ბავშვი მთელ წელს ელოდება სკოლაში მისვლას, სკოლამდელი აღზრდის - ბაგა-ბაღის შემდეგ შორდება თანატოლებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მიოთხოვს შესაბამისი სტრუქტურისაგან შესწავლას და კანონის ბავსვთა სასარგებლოდ ცვლილებას.