„ეტალონი“ ყოველთვის „ეტალონია“ - ბორჯომის „ეტალონ მოსწავლეს“ მუნიციპალიტეტი გამორჩეულ საჩუქარს უმზადებს
24-06-2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ეტალონის ეროვნული ინტელქტ-ჩემპიონატი ჩატარდა - ფორმატი სახეცვლილი, დისტანციური, თუმცა ტრადიცია და მიზანი უცვლელი - მომავალი თაობების განათლება. იყო ბევრი ემოცია, ინტელექტის ჭიდილი და ღირსეულთა შორის ღირსეულის გამოვლენის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, გიორგი მაისურაძე გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ამჯერად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, მაინც ძალიან მოეწონა, თუმცა გამარჯვებას არ ელოდა:

„გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა პროექტი ძალიან მომწონს და თავი არ დამიზოგავს, სწორად მეპასუხა კითხვებისთვის. ფორმატს რაც შეეხება, მართალია, დისტანციურად ჩატარებული კონკურსი ვერ შეედრება პირისპირ შეხვედრას, თუმცა რაც უნდა იყოს, „ეტალონი“ ყველგან და ყოველთვის, „ეტალონია“ და მგონი, ამით ყველფერი ნათქვამია“.

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ბლიაძემ კი etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ არ გაკვირვებიათ გიორგის გამარჯვება, რადგან მას ვუნდერკინდს უწოდებენ:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს მართლაც ღირსშესანიშნავი პროექტია და აღფრთოვანებული ვარ ორგანიზებით; რაც მთავარია, ბავშვებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მოტივაციის ასამაღლებელ კონკურსში; გიგის გამარჯვება, მართალია, არ გაგვკვირვებია, რადგან იმდენად კარგი მოსწავლეა, ვუნდერკინდს ვეძახით, თუმცა როდესაც შევიტყვე, რომ ჩვენი სკოლის წარმომადგენელი გახდა „ეტალონი მოსწავლე“, ცრემლი მომადგა; მთელი სკოლა აღფრთოვანებულია, დიდი ზეიმია დაბაშიც და ყველა ერთმანეთს ულოცავს ამ დიდ წარმატებას“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მარინა ხუჯაძემ ადგილობრივი ხელისუფლების არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მოხარული ვარ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იყო ჩართული ეროვნულ ინეტელექტ-ჩემპიონატში; მოსწავლეთა შედეგებიც შთამბეჭდავი გახლავთ და ვფიქრობ, მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; აქვე საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა და „ეტალონი მოსწავლისთვის“ ვგეგმავთ, მუნიციპალიტეტის ჯილდოს დაწესებას, რაც ვფიქრობთ, დამატებითი მოტივაცია იქნება ბავშვებისთვის“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, იზოლდა ლომიძემ პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტში:

„ჩვენთან აქტუალური, ტრადიციულია „ეტალონის“ მხარდაჭერა, პროექტში ჩართულობა კი საამაყოა და მოტივაციის მიმცემი; რაც მთავარია, მონაწილეებს დროულად მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფორმატის შესახებ, ბავშვებმაც არ უღალატეს ამ მამულიშვილურ ტრადიციას და წარმატებითაც მიიღეს მონაწილეობა“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა კი დააანონსა, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის მისაცემად, გადაწყვეტილი აქვთ, „ეტალონ მოსწავლეს“ მუნიციპალიტეტის ჯილდო გადასცენ და გიორგის ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 150 ლარი დაერიცხება:

„ეტალონს“ ყოველთვის მივესალმები - ძალიან კარგი პროექტია. ესაა ცხოვრებისწინა გზა ჩვენი ახალგაზრდებისთვის; მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, პროექტი არ გაჩერდა და განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მერვეკლასელმა გიორგი მაისურაძემ ღირსეული მეტოქეობა გაუწია უფროსკლასელებს. ვაპირებთ, მას მუნიციპალიტეტის ჯილდო - ყოველთვიურად 150 ლარი გადავცეთ ერთი წლის განმავლობაში და ეს იქნება ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ახალგაზრდებისთვის; ვფიქრობ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტადაც უნდა იყოს ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203