გაზრდილი ხელფასები, განახლებული სასკოლო გარემო და უფასო სერვისები მოსწავლეებს - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია სასწავლო წელს აჯამებს
24-06-2021

პანდემიური სასწავლო წლის მიუხედავად, სწავლა წარმატებით დასრულდა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი, პავლე ცერცვაძე აღნიშნავს, გამოწვევების მიუხედავად, ეს წელი არაერთი სასიამოვნო სიახლით იყო დატვირთული - სკოლის ინფრასტრუქტურის განახლებიდან დაწყებული, მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებით დამთავრებული.

2020-2021 სასწავლო წელი შეაჯამა გიმნაზიის აღმსარულებელი დირექტორი პავლე ცერცვაძემ, რომელმაც მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ჩვენთან დეტალურად ისაუბრა:  

პირველ რიგში, მინდა ჩემი და პედაგოგების სახელით მადლობა გადავუხადო, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორს მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე). ასევე მადლობას ვუხდი, ჩვენს პედაგოგებს, ჩემს მოადგილეს ნათელა კამკამიძეს, ხარისხის მართვის სპეციალისტებს, ჩვენს მოსწავლეებს და მშობლებს, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გვერდით გვედგნენ.

რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო წელს, როგორც მოგეხსენებათ, სექტემბერში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად განახლდა საკლასო ოთახებში, თუმცა შემდგომ იყო შეფერხებები და ონლაინ სწავლების სისტემაზე გადავედით. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია არის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, შესაბამისად, ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას ჩვენ არ გვქონდა საშუალება, უფასოდ გვესარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც საჯარო სკოლებს ჰქონდათ. ამიტომ საჭირო გახდა, ჩვენ გვეყიდა Microsoft-სგან teams-ის პროგრამა, გადაგვემზადებინა პედაგოგები და მოსწავლეებისთვის შეგვექმნა სასწავლო გარემო. ეს არ იყო მარტივი პროცესი, მაგრამ ღვთის წყალობით და მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით ძალიან მალე მოვახერხეთ ონლაინ სწავლებაზე ადაპტაცია.

200-მდე მოსწავლე გვყავს და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 98% ჩართული იყო ონლაინ სწავლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის პრობლემები იკვეთებოდა პედაგოგთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. თითოეულ ბავშვს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნიდით, რომ ჩართულიყო ონლაინ სისტემაში. ყველაფრის მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ. შევძელით მიგვეღწია დასახული მიზნისთვის და შეგვესრულებინა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები.  

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია კერძოა, ის მოსწავლეებისთვის უფასოა. ამ სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის ინიციატივით, პედაგოგებისთვის  გაიზარდა ხელფასები და პრაქტიკულად გაუთანაბრდა საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას. ასევე განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა. მოწესრიგებულია სველი წერტილები, საკლასო ოთახები, გათბობის სიტემა. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებისთვის დაწესებული რეგულაციების დაცვის კუთხით ხარაგაულში ჩვენს გიმნაზიას ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

- პანდემიის გამო სკოლებში საკმაოდ მკაცრი რეგულაციები იყო, თუმცა ვიცით, რომ გიმნაზიამ მოახერხა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაეტარებინა წლის განმავლობაში და მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი საკუთარი უნარების გამოვლენაში. რა ღონისძიებებს გამოარჩევდით ყველაზე მეტად და რა აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი მოსწავლეები?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც აღმასრულებელი დირექტორისთვის ის ფაქტი იყო, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ კესო ჩხიკვაძემ გაიმარჯვა ფლეშის პროგრამაში. ეს არის გაცვლითი პროგრამა „მომავალი ლიდერებისთვის“ და ერთი წლის განმავლობაში, კესო უფასოდ ისწავლის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენთვის, ჩვენი გიმნაზიისა და მთლიანად სოფლისთვის.

რაც შეეხება, სასკოლო აქტივობებს, მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სპორტულ ტურნირებში. ჩვენი სკოლის გოგონებმა პირველი ადგილი დაიკავეს მკლავჭიდში. ამასთან, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ხელოვნების მიმართულებით ჩატარებულ აქტივობებში.

აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გვყავს არაჩვეულებრივი მუსიკის პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე და მინდა მადლობა გადავუხადო, რომ შეძლო და გიმნაზიის 60-70  მოსწავლე მისი დამსახურებით გალობს და ჩართულია ამ პროცესში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე სემესტრის დასასრულს რეგულაციების დაცვით ჩატარდა სპორტული ღონისძიება, რომელშიც გიმნაზიის ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, ასევე, შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც თავიანთ პირველ მასწავლებელს, დამრიგებელსა და მეგობარს გამოემშვიდობნენ.

რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, ძალიან სასახელო იყო ჩვენი მეთორმეტე კლასელების შედეგები. 12 კურსდამთავრებულიდან 5 ოქროს მედლის კანდიდატია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული და შემოქმედებითი მოსწავლეები გვყავს.

- დაიწყო თუ არა გიმნაზიამ მზადება ახალი სასწავლო წლისთვის და რა სიახლეებს შესთავაზებს მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულება?

- როგორც იცით, კერძო სკოლებისგან განსხვავებით, საჯარო სკოლებს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა აქვთ. ისინი უფასოდ ურიგებენ კომპიუტერებს პირველი კლასის მოსწავლეებს. ასევე, მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ სახელმძღვანელოები. იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი სასწავლო გარემო შეგვექმნა, მეუფე მელქისედეკი, რომელიც გახლავთ რექტორი, თავისი ფინანსური შესაძლებლობებით მაქსიმალურად დაგვიდგა გვერდში და პირველკლასელებს შეუძინა კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. ასევე უფასო სახელმძღვანელოები გადაეცათ მეხუთე კლასის მოსწავლეებს და ფაქტიურად ჩვენთან ყველა ბავშვისთვის სასურველი გარემოა შექმნილი. აღნიშნული ბენეფიტებს მომავალ სასწავლო წელსაც შევთავაზებთ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, ისიც რომ წელს ბავშვებს შევთავაზეთ ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ჩვენი ფინანსური ხარჯებით ტრანსპორტი მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წელსაც მოემსახურება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსწავლეებს კეთილმოწყობილი კომფორტული და მიმზიდველი გარემო შევუქმნათ.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, „ეტალონის“ მთელს გუნდს, ამ ჩართულობისთვის, მეგობრობისა და ერთგულებისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203