შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პერიოდში არსებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტებისთვის უკვე ნაცნობია ბევრი რეგულაცია, მათი უკმაყოფილება პირბადეების ტარების წესმა გამოიწვია. სამედიცინო ნიღბები გამოყენება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა.
აბიტურიენტები, სამაგისტრო, საგრანტო თუ მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელები აღნიშნავენ, რომ ძალიან რთული იქნება 3-4 საათის განმავლობაში ტესტის წერის დროს პირბადე ეკეთოთ. მათი თქმით, ეს ყველაფერი შედეგების ხარისხზე აისახება.
„თუკი შარშან შესაძლებელი იყო, ტესტის წერის დროს პირბადე არ გაეკეთებინა გამომცდელს, წელს ამ წესის შეცვლა რატომ გახდა საჭირო ვერ ვხვდები. ძალიან რთული იქნება სიცხეში, როცა ჰაერი ისედაც არ არის დამატებით პირბადე გეკეთოს. პრაქტიკულად სუნთქვის საშუალება არ გვექნება“, - აღნიშნავს ერთ-ერთი გამომცდელი etaloni.ge-სთან საუბრისას.
„პირდაპირ გეტყვით, რომ საშინელებაა. შარშან მგონი არავინ დაინფიცირებულა კოვიდით იმის გამო, რომ საგამოცდო მაგიდასთან მჯდომს, ტესტის წერისას პირბადე არ ეკეთა. წელს რა შეიცვალა ვერ ვხვდები. ყველა რეკომენდაცია მისაღებია, მაგრამ გამოცდაზე რომ ვზივარ და 2 მეტრიანი დისტანცია მაქვს ყველასგან მაგ დროს პირბადის კეთება რა საჭირო არ ვიცი“, - გვეუბნება კიდევ ერთი უკმაყოფილო აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით უწყებამ რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან აქვთ მიღებული.
„რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; კონდიციონერები ირთვება მხოლოდ 30° გრადუსზე და უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში“, - აღნიშნავენ ცენტრში.
იხილეთ ასევე:
გამოცდებზე პირბადის გამოყენების წესი შეიცვალა - სოფიო გორგოძე აპლიკანტებს აფრთხილებს
წესები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე უნდა დაიცვათ - საგამოცდო პროტოკოლი უკვე ცნობილია