„ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატზე უკეთესს ვერაფერს შევთავაზებთ ბავშვებს“ - წყალტუბოს „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
29-06-2021

პროექტი, რომელმაც არაერთი წარმატებული თაობა გაზარდა, ათეულ წელზე მეტია ბავშვებს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს - „ეტალონი“ გრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს იპყრობს. საამაყოა, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებაში და მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, დისტანციურ რეჟიმში მიმიდინარეობს, მოსწავლეები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ და ასევე ღირსეულად იმარჯვებენ იქ, სადაც განათლება უპირველესია, წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვა კი - უმთავრესი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა და ეს მუხიანის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი - მურთაზ ბაბუნაშვილი გახლავთ, რომელმაც ჩემპიონატში წელს პირველად მიიღო მონაწილება და „ეტალონთან“ დამეგობრება მისთვის უდავოდ ფეხბედნიერი აღმოჩნდა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის ტიტული მოიპოვა, მოგვიანებით კი, Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტს ყოველთვის გულშემატკივრობდა:

„მოხარული ვარ, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა. წელს პირველად ჩავერთე და გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მეგონა, პირველივე მონაწილეობა ასეთი წარმატებული თუ იქნებოდა ჩემთვის“.

მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორმა, მამუკა ქვაჩაკიძემ კი აღნიშნა, რომ ამაყობს საკუთარი სკოლის მოსწავლის წარმატებით:

„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი „ეტალონის“ ხელმძღვანელობას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ზრუნავს, მოსწავლეებს ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია; ჩვენი სკოლა წლებია პროექტში მონაწილეობს და წელს ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა, რაც უდავოდ საამაყოა, თან მეცხრეკლასელია და უფროს კონკურენტებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია; წარმატებას ვუსურვებ ყველა მოსწავლეს, „ეტალონის“ თითოეულ მონაწილეს და რა თქმა უნდა, გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ განათლებული თაობები გვყავდეს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა მარგიანმა კი ხაზი გაუსვა დისტანციური ფორმატის მიუხედავად, მოსწავლეთა ჩართულობას და აღნიშნა - „ეტალონის“ ჩემპიონატზე უკეთესს, ვერაფერს შევთავაზებთ ბავშვებსო:

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში სკოლების მაღალი ჩართულობა იყო; შედეგები კი ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან ჩვენი მოსწავლეები მუდმივად ცდილობენ, განვითარდნენ, მეტი ისწავლონ, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და რაც მთავარია, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით, დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში.

პროექტს მივესალმებით და მნიშვნელოვანია, მეტად განვითარდეს- „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატზე უკეთესს ვერაფერს შევთავაზებთ ბავშვებს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, ლიკა გუგუსიანმა Etaloni.ge-სთან მოსწავლეთა მაღალ ინტერესზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პროექტის ფორმატი განაპირობებს და ისიც გვითხრა, რომ საამაყოა, მოსწავლეები სოფლების სკოლებიდან იმდენად კარგად არიან მომზადებულები, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მოწინავე ადგილები დაიკავეს:

„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ინტერესი ძალიან დიდია, ჩვენც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი; მით უმეტეს, რომ „ეტალონი“ ბავშვების ცოდნის გამოვლენას ემსახურება... იცით, ბავშვმა შეიძლება ისწავლოს, მაგრამ თუ საკუთარი შესაძლებლობების  წარმოჩენის საშუალება არ მივეცით, მოტივაციას დაკარგავს. სწორედ მოტივაციის ამაღლებას ემსახურება „ეტალონი“. სამწუხაროა, რომ წელს ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი, დაგვაკლდა ემოცია, რომელიც ღონისძიებას მუდამ თან სდევს, თუმცა იმედია, მალე ყველაფერი გამოსწორდება. განსაკუთრებით საამაყო ისაა, რომ მოსწავლეები სოფლის სკოლებიდან, გავიდნენ მოწინავე ადგილებზე - რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „ეტალონის“ მნიშვნელობაზე“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გია იოსელიანმაც მიულოცა გამარჯვება წყალტუბოს „ეტალონ მოსწავლეს“ და განაცხადა:

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ აქტიური თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ წლებია ჩვენი მომავალი თაობების განათლებას ემსახურება. ამ მხრივ მუნიციპალიტეტის ჩართულობაც უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, ერთად, კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ, რათა მოსწავლეებმა არა მხოლოდ მიიღონ ცოდნა, არამედ შეძლონ მიღებული ცოდნის რეალიზება და საკუთარი შესაძლებლობებიც წარმოაჩინონ“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203