2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იაშა ცინცაძე, etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„2020-2021 სასწავლო წელმა სახალვაშოს საჯარო სკოლა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა. ისევე, როგორც საქართველოს ბევრი სკოლისათვის, ჩვენთანაც რთული აღმოჩნდა ონლაინ-რეჟიმში სწავლების წარმართვა, რადგან მოსწავლეთა ნაწილი ვერ ახერხებდა, სისტემატურად ჩართულიყო ონლაინ სწავლებაში. მასწავლებლები ცდილობდნენ, ასეთი მოსწავლეებისათვის შეთავაზებინათ სწავლების ალტერნატიული გზები, რითაც მეტ-ნაკლებად, გავუმკლავდეთ პრობლემებს.
ონლაინ-სწავლება, სირთულის მიუხედავად, პოზიტიური შედეგისმომტანი აღმოჩნდა: მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც გულმოდგინედ ითვისებდნენ ონლაინ-პლატფორმას. მასწავლებლებმა შეძლეს და ონლაინ-სივრცე მრავალი ინოვაციური აქტივობით გაამრავალფეროვნეს, რითიც გაკვეთილები მოსწავლეებისთვის გაცილებით საინტერესო გახადეს. ასეთმა შრომამ შედეგი გამოიღო - ორმა მასწავლებელმა სწორად ონლაინ სივრცეში გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარა და აიმაღლა სტატუსი.
სკოლასმონატრებული საზოგადოებისთვის სასიხარულო და იმავდროულად, რთული აღმოჩნდა ჩვეულებრივ სწავლების რეჟიმზე დაბრუნება, თუმცა მასწავლებლები ცდილობდნენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე და დაეგეგმათ გაკვეთილები, რათა ესგ-თი გათვალისწინებულ შედეგებზე გასულიყვნენ, რაც, ვფიქრობ, ჩვენმა სკოლამ ნამდვილად შეძლო.
სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლამ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა ადმინისტრაციასა და პედკოლექტივს. სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები ჩაბმული არიან „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებში და მიღებულ ცოდნას რეგულარულად უზიარებენ მასწავლებლებს.