სექტემბერში ახალი - 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყება, ათასობით პირველკლასელი პირველად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში, ბოლნისის მკვიდრი პატარები კი ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს, უკვე მომზადებულები შეხვდებიან - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ - საჩუქრად გადასცა.
„პირველკლასელთა აკადემია“ საშინაო მეცადინეობისთვისაა შედგენილი და ასევე, ვიდეოგაკვეთილებსაც მოიცავს; საჩუქარი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადაშვილმა, წიგნის ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, რატევნის, ბოლნისის მე-2 და ბოლნისის მე-4 საბავშვო ბაღების გამოსაშვებ აღსაზრდელებს პირადად მიუტანა.
დავით შერაზადაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ეს მიმართულება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია:
„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუმარტივოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს სპეციალურად პირველკლასელთათვის შედგენილი წიგნი-რვეული საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლაში დაეხმარება“.