განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ახალი წესი და პირობები დამტკიცდა.
დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, ყველა ის პროცედურა, რომელიც საგამოცდო პროცესს უკავშირდება. ასევე აღნიშნულია, მიზეზები, რომლის გამოც 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ ტესტის გავლის გარეშე ჩაირიცხონ სასურველ პროგრამაზე.
„2021 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
გ) საკარანტინო ზონაში;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.
ამ პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.
განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ). ამ პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი",- აღნიშნულია ბრძანებაში.