ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში დირექტორი ილია ვადაჭკორია სასწავლო წელს etaloni.ge-სთან აჯამებს. რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას ილია ვადაჭკორია ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს.
როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- უმთავრესი გამოწვევა პანდემიის პირობებში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან დისტანციური მუშაობის სრულყოფა იყო. წინა წელთან შედარებით 2020-2021 სასწავლო წელს გაცილებით ადვილად გავართვით თავი. სხვადასხვა მოსახერხებელი პლატფორმები გამოვიყენე კომუნიკაციისთვის.
რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
- მშობელთა ჩართულობის მხრივ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ძვრები არ ყოფილა.
რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- გამოცდებზე პირველი მტერი ნერვიულობა და იმის შიშია, რომ ჩაჭრის შემთხვევაში სკოლას გამოემშვიდობებიან. გამოცდას უნდა შეხედო, როგორც სახალისო გამოწვევას, რომელსაც აზარტით უნდა მიუდგე. გამოცდებს მივესალმები. მასწავლებლობა ნიშნავს მუდმივ ძიებასა და ახლის შექმნას, შესაბამისად კომპეტენციის დადასტურება და ახალ მოთხოვნებთან შეგუება მასწავლებლის მხრიდან აუცილებლად მიმაჩნია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდაზე მიღებულ სერტიფიკატს ზურგს უნდა უმაგრებდეს შესაბამისი საგნის უმაღლესი განათლების დიპლომი. არ მომწონს ერთ კრედიტიანი და ოთხკრედიტიანი სისტემა. ეს სისტემა პროფესია მასწავლებლისთვის ტალახის სროლას ჰგავს და თან სამარეს უთხრის მომავალ თაობას. მასწავლებელმა 61% მაინც უნდა გადალახოს (როგორც ადრე იყო)
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
- დღევანდელი ახალგაზრდები უფრო პრაგმატულები არიან, ვიდრე ჩემი დროის თაობა, მათ ასაკში. ჩემი მოსწავლეების დიდ ნაწილს ექიმობა სურს.
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- შეიძლება სადღაც სიმართლეა ის, რომ შესაძლოა ერთი დღის გამო (მაგ: 16 სექტემბერს დაბადებული) მთელი წელი მოუწიოს მოცდა ბავშვს, მაგრამ რაც უნდა კანონი შემოვიღოთ მსგავსი პრობლემა მაინც იქნება. მაგ: 20 ოქტომბრამდეც რომ გადაიწიოს თარიღმა, ვიღაც მაინც გამოჩნდება ვინც 21 ოქტომბერს იქნება დაბადებული. თუმცა შესაძლოა ინდივიდუალური მიდგომაც ჩაერთოს საქმეში.