ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - გაეცანით დეტალებს
07-07-2021

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილებები შევიდა. 

დოკუმენტში დაზუსტდა ტერმინები: საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა; საპრეტენზიო კომისია; დაზუსტდა, როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს საქართველოს გუნდის წევრობის კანდიდატები გახდნენ და ა.შ.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით. საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;

საპრეტენზიო კომისია - ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში მიღებულ შედეგთან დაკავშირებით თითოეული საგნის მიხედვით, ასევე,  ოლიმპიადის სამივე ტურში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო/ორგანოები.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების მოსწავლე ხდება საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატი. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა საგნების შესაბამისად დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს განათლების სამინისტრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203