„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება და ბავშვებს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ, ღირსეულად იმარჯვებენ და ისიც კარგად იციან, რომ წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვა უმნიშვნელოვანესია.
ბათუმში ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა და ეს ბათუმის N5 საჯარო სკოლის მეათეკლასელი - ლადო ფუტკარაძე გახლავთ, რომელმაც ჩემპიონატში 95 ქულა მოიპოვა და მოგვიანებით, Etaloni.ge-სთან პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე გამარჯვების სიხარულზე ისაუბრა:
„ძალიან მომწონს „ეტალონი“ და დიდი ხანია ჩართული ვარ პროექტში... სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა პირველობისთვის ბრძოლაში თავი არ დამიზოგავს. როდესაც შევიტყვე, რა დრო დამჭირდა სწორი პასუხებისთვის, უკვე მივხვდი, რომ გავიმარჯვე და ეს ემოცია კიდევ კარგა ხანს გამყვება“.
ბათუმის „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორმა, მერაბ ხარჩილავამ და აღნიშნა, რომ დისტანციურ ფორმატში ჩემპიონატის ჩატარება, პანდემიის პირობებში საუკეთესო გამოსავალი იყო:
„ლადოს გამარჯვება უდავოდ მისალოცი ამბავია და მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვამაყობ საკუთრი მოსწავლით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა და ეს საუკეთესო გამოსავალი გახლავთ. იმედია, მომავალი სასწავლი წლისთვის, ჩვეული ფორმატით გაგრძელდება პროექტი, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და მათ წინსვლას მაქსიმალურად უწყობს ხელს“.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, ია შალამბერიძემ ხაზი გაუსვა მოსწავლეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს და განაცხადა - დისტანციურ ფორმატშიც კი ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებულიო:
„ეს პროექტი წლებია ტარდება და ბათუმის სკოლების მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები; მოხარული ვარ, რომ ზოგადად, ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტებში ახალგაზრდები დიდი ინტერესით ერთვებიან. წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა და ერთმანეთის სიცოცხლეს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, აღსანიშნავია, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და ჩვენს ბავშვებს, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცათ.
ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ პროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ „ეტალონი“ საქვეყნო საქმეს აკეთებს:
„ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებას, ცოდნის ამაღლებას ემსახურება და მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სტიმულს აძლევს.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, ინტელექტ-ჩემპიონატში მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა, დისტანციური ფორმატიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და „ეტალონიც“ ჩვეული ფორმატით დაგვიბრუნდება. მადლობა „ეტალონს“, მის ხელმძღვანელს - გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც საქვეყნო საქმეს ემსახურება და ბავშვებს განვითარების უდიდეს სტიმულს აძლევს. „ეტალონი“ კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს“.