ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და აბიტურიენტთა ვნებათაღელვა სულ უფრო იმატებს. მაღალია ნერვიულობისა და სტრესის ფონიც, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათ გასამხნევებლად ისევ სკოლებისთვის მიგვემართა. აპლიკანტებს საგამოცდო რჩევებს სკოლის დირექტორები აძლევენ და მთავარი, რასაც თითოეული მათგანი ერთხმად მოუწოდებს გამოსაცდელებს, ესაა - შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნერვიულობისგან.
ირმა ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„აბიტურიენტებს ვურჩევდი, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ინერვიულონ... მშვიდი გონებით, არსებულ ცოდნას უკეთ წარმოაჩენენ. ჩვენ სკოლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 12 აბიტურიენტი გადის; იმედი მაქვს, თითოეული მათგანი შეძლებს საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენასა და სასურველი შედეგის მიღებას“.
მოგელი ახალაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის დოშაყეს საჯარო სკოლის დირექტორი:
„მთავარია მხნედ იყვნენ და ემოციებს არ აყვნენ. ცხოვრებაში კიდევ ბევრი გამოცდა ელით, ასე რომ, შეხედონ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, როგორც რიგით ეტაპს მათ ცხოვრებაში. ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ“.
ნათია კანდელაკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მხოლოდ 4 კურსდამთავრებული გვყავს ამ სასწავლო წელს, რომელთაგან 3 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადის. მინდა, ბავშვებს, პირველ რიგში ვურჩიო, შეინარჩუნონ სიმშვიდე. მათ კარგად იციან ის მასალა, რომელიც გამოცდებზე უნდა დაწერონ - ამისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ, ასე რომ, დამშვიდებული გონებით, თავდაჯერებულები უნდა შევიდნენ გამოცდებზე და გამოავლინონ ცოდნა. მე კი ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ“.