„ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი ორჯერადად აცრილი იყოს“ - ამირან გამყრელიძე
06-07-2021

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აცრის ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლები შემოდგომისთვის ორჯერადად აცრილები უნდა იყვნენ.

მისივე თქმით, ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აცრისკენ მოუწოდა.

„საჭიროა მეტი ინფორმაციული მუშაობა მოსახლეობასთან, ადგილებზე, ცენტრიდან თითოეულ ადამიანთან. პირადი პასუხისმგებლობა თითოეული უწყების და ადამიანის, რომ იყოს აცრილი. მაგალითად, დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შემოდგომისთვის იყვნენ აცრილები და ეს სხვა უნივერსიტეტებსაც მოუწოდა. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში 100 000-ზე მეტი სტუდენტია. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ჩვენი სტუდენტები, რომ მიდიან უცხოეთის უნივერსიტეტში ყველას სთხოვენ, რომ ორჯერ აცრილი უნდა იყოს. ამიტომ სასურველია, შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ ე.წ. უსაფრთხო უნივერსიტეტებით, უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო ბაღებით. რაც ნიშნავს, რომ ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი და ყველა მასწავლებელი იყოს ორჯერადად აცრილი. ეს იქნება ძალიან სერიოზული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203