„ეტალონთან“ ერთად, ხელს შევუწყობთ განათლებული თაობების აღზრდას“ - ქედის მერიამ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი სამეულისთვის საპრიზო ფონდი დააწესა
06-07-2021

ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება და სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. მერე რა, რომ პანდემიაა, მთავარია, ტრადიცია არ ირღვევა და განათლებული თაობების სადარაჯოზე მდგომმა პროექტმა, არც ამჯერად უღალატა ტრადიციას.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ცოტა სახეცვლილი - დისტანციური ფორმატით მიმდინარეობს, მიზანი კი უცვლელია და მალე მუნიციპალიტეტების „ეტალონი მოსწავლეები“ ერთმანეთს ფინალში შეეჯიბრებიან; მანამდე კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და „ეტალონი მოსწავლეც“ გამოვლინდა - მერისის საჯარო სკოლის მერვეკლასელი - თამარ თურმანიძე, რომელიც, როგორც სკოლის დირექტორმა, გია ბარამიძემ etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, წარჩინებული მოსწავლეა და საკუთარი მიღწევებით მშობლიურ სკოლასა თუ უსაყვარლეს მასწავლებლებს, მუდმივად ახარებს:

Etaloni.ge-ს საშუალებით, მინდა, ჩვენი სკოლის მოსწავლეს გამარჯვება მივულოცო; მთელი სკოლა ამაყობს მისი შედეგით და დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. რაც შეეხება პროექტს, უდავოდ საინტერესოა და ჩვენც სიამოვნებით ვუჭერთ მხარს „ეტალონის“ ყოველ წამოწყებას. საამაყოა, რომ ჩვენს სკოლას ჰყავს ასეთი მოსწავლე“.

ნათია ბარამიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, etaloni.ge-ს განუცხადა, რომ ქედის მუნიციპალიტეტიდან, ინტელექტ-ჩემპიონატში I-II-III ადგილებზე გასული მოსწავლეებისთვის საპრიზო ფონდი არსებობს და ისინი შესაბამისად, 500, 300 და 200 ლარით დაჯილდოვდებიან:

„ქედის მუნიციპალიტეტში პროექტი ძალიან პოპულარულია და თამამად ვიტყვი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. მიზანიც სწორედ ესაა - ხელი შევუწყოთ განათლებაში და სწავლის სტიმული მივცეთ მომავალ თაობას. ვულოცავ გამარჯვებულს და ვიტყვი, რომ საპრიზო ფონდი დავაწესეთ - I-II-III ადგილებზე გასულ ჩვენს მოსწავლეებს 500-300-200 ლარს გადავცემთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ „ეტალონთან“ ერთად, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ განათლებული მომავალი თაობების აღზრდას“

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, ეკა ქაჯაიამ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენი სამსახური ძალიან კმაყოფილია, რომ პანდემიის მიუხედავად, ეტალონმა ტრადიციას არ უღალატა და ეროვნული ინტელექ-ჩემპიონატი მაინც ჩატარდა, რაც მთავარია - წარმატებით; მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მნიშვნელობას. ჩვენ კი მზად ვართ, მომავალშიც ვითანამშრომლოთ ამ მამულიშვილურ პროექტთან, ყველა გამოწვევას გავუძლოთ და კიდევ დიდხანს, „ეტალონთან“ ერთად, ვიდგეთ განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე“.

ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დურმიშხან შავიშვილმა კი, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ორგანიზების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება:

„წლებია „ეტალონთან“ ვმეგობრობთ და ყოველ წელს სულ უფრო უკეთესი შედეგების მოლოდინი გვაქვს; მთავარია, ტრადიცია არ დაირღვა და პანდემიამ ჩემპიონატის ჩატარებას ხელი ვერ შეუშალა. იმედია, მომავალ წელს ტრადიციული ფორმატით გაიმართება და „ეტალონის“ საოცარი მუხტიც დაბრუნდება; მანამდე კი გამარჯვებულს წარმატებას ვუსურვებ, მოხარული ვარ - შეფასება ობიექტურად ხდება და ეს ჩვენს ბავშვებს სწავლის დიდ სტიმულს აძლევს“.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ კი განაცხადა, „ეტალონთან“ თანამშრომლობა მომავალშიც იგეგმება:

„ესაა ძალიან წარმატებული პროექტი, რომელმაც დროს გაუძლო და ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებიც წლებია მონაწილეობენ. იმედი მაქვს ეს აქტიურობა დიდხანს გაგრძელდება და ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვფიქრობ, ერთად, მეტი და მეტი წარმატება გვექნება“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203