„ესაა საუკუნის პროექტი“ - ლანჩხუთის „ეტალონი მოსწავლე“ ფულად ჯილდოს მიიღებს
08-07-2021
„ეტალონის“ 2021 წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებსაც საშუალება აქვთ, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა გიორგი გიორგაძე, ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, გამარჯვებას ნამდვილად არ ელოდა, ჩემპიონატის დასასრულს კი, საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:
 
„ძალიან მომწონს პროექტი და სამი წელია ეროვნულ ინტელქტ-ჩემპიონატში ვმონაწილეობ; მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მინდოდა, საუკეთესი შედეგი მქონოდა, ამჯერად გამარჯვებას არ ველოდი... მადლობა „ეტალონს“, საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნის, უნარების გამოვლენის საშუალება რომ მომეცა, ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მადლობა ეტალონს ამ შესაძლებლობისთვის“. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ კი აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შექმნილი უძრაობის პერიოდში, „ეტალონმა“ მოსწავლეები გამოაცოცხლა:

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ - პანდემიის გამო შექმნილი უძრაობის პერიოდში, ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას,  ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა გამოაცოცხლა, ისინი ჩაერთნენ უმნიშვნელოვანეს პროექტში, გამოავლინეს საკუთრი შესაძლებლობები, საჭირო უნარები, ცოდნა და ჩვენ მადლობლები ვართ „ეტალონის“, რომელიც მართლაც საუკეთესო პროექტია“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, ქეთი ებრალიძემ, etaloni.ge-სთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარია, „ეტალონმა“ ტრადიციას არ უღალატა და ჩემპიონატი მაინც ჩატარდა:

„ძალიან კმაყოფილები ვართ, მოსწავლეთა ჩართულობით, მათი შედეგებით... მთავარია, პანდემიის მიუხედავად, ტრადიცია არ დაირღვა და „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში მაინც ჩატარდა. ასეთი ფორმატი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის უცხო იყო და წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატში. მინდა, თითოეულ მონაწილეს, გამარჯვებულთან ერთად, უამრავი წარმატება ვუსურვო“.

ეკა გუჯაბიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დააანონსა, რომ ლანჩხუთის „ეტალონ მოსწავლეს“ გადასცემენ ფულად ჯილდოს, რაც ყველა მოსწავლისთვის იქნება მოტივაციის მიმცემი, რათა მეტი ენთუზიაზმით ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტებში:

„ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და პანდემიამ განსაკუთრებით დაგვანახა მსგავსი პროექტების არა მხოლოდ საჭიროება, არამედ აუცილებლობა. სამომავლოდაც ვაპირებთ მჭიდრო თანამშრომლობას და გვინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები მეტად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო პროექტებში; აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლისთვის“ დააწესა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ დასძინა, რომ გამარჯვებულის და მისი მშობლიური სკოლის სიხარული ონლაინ-ჩემპიონატით არ გახუნებულა:

„ცოტა უჩვეულოა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დისტანციურ ფორმატში ჩატარება; მართალია, გვაკლდა „ეტალონის“ ცოცხალი ემოცია, დიდი დარბაზი, სივრცე... თუმცა გამარჯვებულისა და სკოლის სიხარული ონლაინ-ჩემპიონატით არ გახუნებულა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ მოსწავლეების როგორც ჩართულობით, ისე მათი შედეგებით. პროექტისადმი ინტერესი მაღალია, იმედს ვიტოვებ, მომავალი წლიდან ყველანი დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აღარ მოგვიწევს დისტანციურ ფორმატში ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის ჩატარება, როგორიც „ეტალონია“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია საგანმანათლებლო პროექტები, განსაკუთრებული მხარდაჭერა კი „ეტალონს“ აქვს. რატომ? - მიზეზი მარტივია, როგორც ბატონმა ალექსანდრემ გვითხრა - „ესაა საუკუნის პროექტი“:

„წლებია მხარს ვუჭერთ „ეტალონს“ და ზოგადად, განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. ესაა საუკუნის პროექტი, რომელიც დიდხანს უნდა გაგრძელდეს, ჩვენ კი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის ხელშესაწყობად. ჩვენ „ეტალონი მოსწავლისთვის“ საპრიზო ფონდიც დავაწესეთ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულად ჯილდოს - 500 ლარს მიიღებს; ვფიქრობ, მსგავსი მხარდაჭერა ჩვენი მომავალი თაობის მოტივაციას გაზრდის, მიიღონ განათლება და შემდეგ ცოდნას სწორი მიმართულება მისცენ“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203