ლოგარითმები, პროგრესები და ფუნქციები - მათემატიკის საკითხებთან ერთად, აბიტურიენტები ქართულისა და უცხოური ენის გამოცდას აფასებენ
09-07-2021

დღეს, 12 900-მდე აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდას 2 სესიად აბარებს. პირველი სესია დილის 9 საათზე, მშვიდ ვითარებაში დაიწყო და 12:00 საათისთვის დასრულდება. აბიტურიენტებს გამოცდის საწერად სამი საათი აქვთ.

პირველი გამოცდების ვნებათაღელვის შემდგომ დღეს აპლიკანტები უფრო მობილიზებულები და დამშვიდებულები არიან. etaloni.ge-სთან კი გამოცდაზე შესვლის წინ წინა საგამოცდო პერიოდსაც აფასებენ და აღნიშნავენ, რომ უკვე ნაკლებად ნერვიულობენ.

„უკვე ორი გამოცდა ჩავაბარე და სიმართლე გითხრათ, ისე აღარ ვნერვიულობ. ქართულის გამოცდით კმაყოფილი ვარ, თემებითაც და ესეთიც, თუმცა გამიკვირდა, რომ არც ერთ ვარიანტში არ იყო „ვეფხისტყაოსანი“. ინგლისურის გამოცდას რაც შეეხება თვითონ ტესტები და საკითხები რთული არ აღმოჩნდა, მაგრამ მოსმენისას ტექნიკური ხარვეზები იყო - ხმა წყდებოდა და შიშინი ისმოდა. ყველაზე რთული მაინც პირბადით ჯდომაა“, - გვითხრა აპლიკანტმა.

„მართალი ხარ, დავიტანჯე... მეგონა, ნერვიულობისგან სმენის პრობლემა შემექმნა, იმდენად ცუდად ისმოდა ხმა“, - უკმაყოფილება ვერ დამალა მეორე აბიტურიენტმა: „ეს იყო საშინელება! „მოსმენის საკითხი“ ამდენი წელი როგორ ვერ გადაჭრეს, მიკვირს, ბოლოს და ბოლოს ყურსასმენის გამოყენების საშუალება მაინც მოგვცენ. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში გამოცდაზე ხმა წესიერად რომ არ გესმის“.

„მთავარი პრობლემა საწერი კალამი იყო, ორივე გამოცდაზე ძალიან გამაწვალა, რამდენჯერმე მომიწია კალმის შეცვლა და დროშიც გავიჭედე... ნერვიულობის დამატებითი მიზეზები კი არ მგონია, კარგად აისახოს შედეგზე. იმედი მაქვს დღეს ეს პრობლემა არ მექნება. მათემატიკის გამოცდაზე თავიდანვე ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი. ტექნიკური მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და არ მგონია გამიჭირდეს“, - აღნიშნა აბიტურიენტმა.

„ძალიან თავისუფლად შევდივარ, ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდას ველოდებოდი, თან ეს ჩემი ბოლო გამოცდაა და რომ ვფიქრობ, დღეს მთავრდება ეს ჯოჯოხეთი, უბედნიერესი ვარ. მართალია, შემდეგ მთელი თვე იმაზე უნდა ვიჭყლიტო ტვინი - რა ქულას ავიღებ, სად მოვხვდები და ა.შ. მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ნერვიულობას, ზღვაზე ნერვიულობა მირჩევნია“, - აღნიშნა აპლიკანტმა.

სესიის მიმდინარეობისას კი, ნერვიულობამ გულშემატკივრებში იმატა: „დედა ენაცვალოს, დაიტანჯა ბავშვი...“, „პირბადით როგორ უნდა იაზროვნონ, სულ გააფრინეს „ზევით“... მეტი არ მინდა, დაბალი შეფასება მიიღოს, სახლში არ შემოვუშვებ... - ისმოდა ემოციური ფრაზები და „გადაფსიხებული“ მშობლები, გრილი ამინდის მიუხედავად, მარაოებს ისე მონდომებით იქნევდნენ, გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები ვერ შეამჩნიეს.

„რა საკითხები შემხვდა?... ვაიმე, არ მახსოვს, ლოგარითმები რომ იყო, ეს ვიცი“ - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა და გაიქცა, რომელსაც უკან მეორე გაეკიდა და მანაც გზიდან მოგვაძახა - კიდევ პროგრესები და ფუნქციებიო...

საკითხები სხვა აბიტურიენტებმა დეტალურად გაიხსენეს: „ I ვარიანტის დაახლოებითი საკითხები: რაღაც საავტომობილო (სამშენებლო) შეიძინა და ყოველწლიური მოგება იყო მოცემული, 5 წლის განმავლობაში რამდენი ექნება მოგება? [1ქ], კლასში 8 ბავშვია, მასწავლებელმა 3 ჯგუფი უნდა გააკეთოს ისე, რომ პირველ და მეორე ჯგუფში 3 ბავშვი იყოს, რამდენი ვარიანტია ამის [1ქ], არითმეტიკული პროგრესია - პირველი 10 წევრი იყო მოცემული, ყველა გაამრავლეს 5-ზე და გამოითვალეთ სხვაობა უდიდესს და უმცირეს შორის [1ქ], კვადრატი იყო მოცემული და შიგნით ორი ტოლფერდა სამკუთხედი, უნდა გამოგეთვალათ ამ სამკუთხედის წვეროებს შორის მანძილი [2ქ], გაბნევის დიაპაზონი [2ქ], ვექოტრებზე - a ვექტორი იყო მოცემული კოორდინატებით, b-ზე x და y ეწერა და რამდენჯერ მეტია b ვექტორი a ვექტორზე თუ a*b = 24 [1ქ], სივრცულზე იყო ერთი კვადრატის ფორმის ჭიქაში ასხია წყალი, დაყირავებული იყო ეს ჭიქა და ისეთ დონეზე ესხა წყალი, რომ ძირს მთლაინად ფარავდა და 30გრადუსიან კუთხეს ადგენდა ფუძესთან ეს ფიგურა, უნდა გეპოვნათ რამდენი ლიტრი წყალი ასხია [3ქ], ლოგარითმებზეც იყო კიდე [?ქ]“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203