ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსეპერტები ყოველ ხუთშაბათ ონლაინ შეხვედრებს გამართავენ, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ გაავრცელა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი მითი და ჭორია გავრცელებული.
„მეგობრებო, სხვადასხვა პოსტს და მათ ქვეშ დატოვებულ კომენტარებს ვადევნებ თვალს. მათი ნაწილი ცხადყოფს, რომ ძალიან ბევრი მითი და ჭორია გავრცელებული განათლების რეფორმის, იგივე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის (იგივე „ახალი სკოლის მოდელის“) შესახებ. ძალიან გთხოვთ, მოისმინოთ ხუთშაბათობით სამინისტროს ექსპერტების შეხვედრები, რომელსაც ქალბატონი მზია და ქალბატონი ნატალია აორგანიზებენ.
ზოგად თემებზე რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უკვე გადავედით საგნობრივ შეხვედრებზე.
გთხოვთ, იყავით ინფორმირებულები, რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით თქვენი შეცდომაში შეყვანა, გაღიზიანება და თქვენით მანიპულირება.
მოეწყობა იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭირო იქნება. კომუნიკაცია და თქვენგან მიღებული უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. მაგრამ ადეკვატური უკუკავშირისთვის საჭიროა სწორი ინფორმაციის მიღება და ამისთვის ვართ სრულ მზადყოფნაში!
აქვე, უნდა ვთქვა, რომ სამინისტრო თავადაც აორგანიზებს საგნობრივ თუ ზოგადი ხასიათის შეხვედრებს, მაგრამ ჩვენთვის ეს პლატფორმა არის უფრო მეტად ღირებული, რადგან დამოუკიდებელი ჯგუფია, თავისუფალი პლატფორმაა, სადაც ყველას ხმა შეიძლება ისმოდეს: დადებითად თუ უარყოფითად განწყობილების. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აქ გამართული ყოველკვირეული შეხვედრები“, - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.