განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.
კვალიფიკაციების განვითარების ახალ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) PSD TVET SC პროგრამის ლიდერმა სელმა ულრიხსმა პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ მხარეებთან გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე წარდგენილი პრეზენტაციებისა და მოხსენებების შემდეგ, პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე დისკუსია გაიმართა, შეფასდა რისკები და გამოწვევები, მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც სიახლეების დანერგვის პროცესში იქნება გათვალისწინებული.